საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

ლატვიაში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, ბოლო საკონტროლო მატჩი მასპინძლებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 69:65 იმარჯვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, ტიჰომირ ბუჯანისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა წინა მატჩში დამარცხებითვის ლატვიელებს რევანში აუღო. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა პირველ შეხვედრაში, 6 ივლისს ესტონელებს სძლიეს, ხოლო მეორე დღეს, დაძაბულ ბრძოლაში, ლატვიასთან 52:58 დამარცხდნენ.

დღევანდელ მატჩში ქართველებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და პირველი პერიოდის 14:11 მოგების შემდეგ მეორეშიც იმარჯვეს. დიდ შესვენებაზე საქართველო 7 ქულით იგებდა, ხოლო მესამე პერიოდი ფრედ – 16:16 დასრულდა. დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა ინიციატივა მოიპოვეს, თუმცა 7 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი დაცვა ითამაშა და შეკრება პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ლადო ფურცხვანიძე. ლევან ბაბილოძე 13 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით გამოირჩა, სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ ბულგარეთში გაემგზავრება, სადაც 13-22 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს.

გამოყენებულია gbf.ge-ის მასალები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები