პოგბა და
Aa
Aa

პოგბა და "ბარსელონა" - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ერთი კვირაც არ გასულა და უკვე ნამდვილი ცეცხლია დანთებული.

გრანდები ბევრ ხმაურიან ტრანსფერს ამზადებენ. რონალდუსა და "იუვენტუსის" შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. უსაქმოდ არც "ბარსელონა" იმყოფება.

კატალონიელები მალე კლემენ ლენგლესა და არტურს გაიფორმებენ. ფრანგი მცველისა და ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერები ძირითადად სათადარიგო სკამის გაძლიერებისთვის იჩარხება.

რას გეგმავს "ბარსა" ძირითადი შემადგენლობისთვის? ინიესტა წავიდა, გრიზმანი ვერ შეიძინეს. კლუბის ბორდი ხვდება, რომ მირალემ პიანიჩითა და ვილიანით ბერვს ვერაფერს შეცვლის და მათი ისედაც შესუსტებული პოზიციები კიდევ უფრო მერყევი გახდება.

იტალიური calciomercato-ს ცნობით, "ბლაუგრანა" პოლ პოგბას ტრანსფერს განიხილავს.

ფრანგი ფეხბურთელის გუნდში ხილვა როგორც ჩანს მესისაც სურს. წყაროს ცნობით, არგენტინელს პოგბას მხარდამხარ თამაშის პერსპექტივა ხიბლავს.

მესიმ გასული სეზონის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "რეალის" ასეთი წარმატებული ასპარეზობა მას მოტივაციას მატებს და ახალ სეზონში მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

ერნესტო ვალვერდეს პოგბას ტრანსფერი კოუტინიოს შეტევაში მეტად გამოყენების საშუალებას მისცემს და ნახევარდაცვაში პრობლემებს მოაგვარებს.

მიუხედავად უდიდესი ტექნიკური არსენალისა კოუტინიო ინიესტას სტილის მოთამაშე არ არის და მისი ფუნქციების შესრულება ბრაზილიელს ძალიან გაუჭირდება.

კატალონიელებს პოგბას ტრანსფერი რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოუგვარებს.

არახალია, რომ პოგბას მოურინიოს სათამაშო სტილი და საწვრთნელი პროცესები არ ხიბლავს და ამას საჯაროდაც აცხადებს.

ფრანგი ფეხბურთელი მესის მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავდა. ყველას კარგად ახსოვს მისი კომენტარი 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ: "მესისთან ერთად თამაში ახდენილი ოცნება იქნება. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მე "ბარსელონას" შეხვედრებისთვის თვალის დევნება მიყვარს".

აქვე გეტყვით, რომ "ბარსა" შესაძლოა პაულინიომ დატოვოს, რომელიც ჩინეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ბრაზილიელი ხვდება, რომ ძირითადში მოხვედრის შანსები საგრძნობლად უმცირდება და ეს მის გეგმებში არ შედის.

"ბარსელონასა" და პოგბას შორის ჯერჯერობით ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები