Aa
Aa

"მეფე" "ლეიკერსში" წავიდა...

გადაწყვეტილება 3.0 მიღებულია, ლებრონმა საკუთარი ტალანტი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" "წაიღო". "მეფემ" "ლეიკერსთან" 4 წლიანი, 153.3  მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯეიმსის არჩევანი მისმა სააგენტომ, Klutch Sports-მა გაასაჯაროა. ESPN-ის ჟურნალისტის ბრაინ უინდჰორსტის ინფორმაციით "მეფეს" 3 წლის შემდეგ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეეძლება.

ჯეიმსი თავისუფალი აგენტის სტატუსით მშობლიურ "კლივლენდს" მეორედ ტოვებს. 4 წლის წინ მან საკუთარი კარიერის "კავალიერსის" ფორმით დასრულების სურვილი გამოთქვა, თუმცა როგორც ჩანს "მეფემ" გადაწყვეტილება შეცვალა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქომაგების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გუნდში, "ლეიკერსში" გადავიდა.

"მეფემ" ქალაქ კლივლენდს 52 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ჩემპიონობა მოუპოვა, ამასთან ერთად "კავსი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში 3-1-იანი სხვაობა აღმოფხვრა. 2017-18 წლების სეზონში ჯეიმსმა საოცრად იასპარეზა, 82 შეხვედრა ჩაატარა და გუნდის უდავო ლიდერი იყო. ლებრონი საშუალოდ 27.5 ქულას, 8.6 მოხსნას და 9.1 გადაცემას ასრულდებდა.

"ლეიკერსმა" ლებრონის გარდა კიდევ ორი თავისუფალი აგენტი დაიმატა, საინტერესოა, რომ ლოს-ანჯელესურ გუნდში ლენს სტივენსონიც იასპარეზებს. ამ უკანასკნელს და ლებრონს კარიერის განმავლობაში ბევრი "დასამახსოვრებელი" მომენტი ჰქონდათ და "ლეიკერსში" ერთმანეთს როგორ შეეწყობიან არავინ იცის. "ინდიანას" ყოფილმა უკანახაზელმა გუნდთან ერთწლიანი, 4.4 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ლენსის გარდა "ლეიკერსში" კენტავიუს კალდუელ პოუპი დაბრუნდა, რომელიც ლოს-ანჯელესელთა რიგებში ერთი წელი იასპარეზებს და 12 მილიონს მიიღებს. ხსენებულ დუეტთან ერთად "ლეიკერსმა" ჯაველ მაკგიც გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსი" კავაი ლეონარდის გადმობირებით აქტიურადაა დაინტერესებული და თუ ყველაფერი ლოს-ანჯელესელების სასარგებლოდ წარიმართა, "ლეიკერსს" ლებრონი და კავაი ეყოლება და მათი შეჩერება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები