Aa
Aa

"იუნაიტედი" და "პსჟ" ბონუჩისთვის იბრძოლებენ - ლეო შესაძლოა ჯიჯი ბუფონის თანაგუნდელი გახდეს!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეონარდო ბონუჩისადმი ინტერესის შესახებ დიდი ხანია ვიცით. ინგლისელები "მილანის" კაპიტნის გადასაბირებლად სერიოზულ ბრძოლას აპირებენ და საამისოდ, არც თანხებს დაიშურებენ.

გამოცდილი მცველის თავისთან გადაყვანა კიდევ არაერთ გუნდს სურს, თუმცა მათ შორის "პარი სენ ჟერმენი" უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია სწორება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აქვს აღებული და ამ მიზნის მისაღწევად, ასტრონომიულ თანხას ხარჯავს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ...

პარიზელები ჯანლუიჯი ბუფონის "პარკ დე პრენსზე" მიყვანასთან ახლოს არიან. როგორც იტალიური და ფრანგული გამოცემები ბოლო დღეებში წერენ, "ჯიჯიმ" საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან შეთანხმებას მიაღწია და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მომავალ კვირას ჩავა, რის შემდეგაც 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი, სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, "მილანს" ფინანსური პრობლემები აქვს და ამასთან დაკავშირებული დარღვევების გამო, უეფამ კლუბი ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა (თუკი "როსონერი" ვალებს დაფარავს და სიტუაცია სტაბილური იქნება, მას ევროსარბიელზე დაბრუნება 1 წლის შემდეგ შეეძლება).

სადღეისო მდგომარეობის შემხედვარე, სრულიად ლოგიკურია, რომ "შავ-წითლების" ლიდერების მიმართ გამძაფრებული ინტერესია და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი სწორედ ბონუჩია, რომელიც "სან სიროზე" გასული ზაფხულიდან თამაშობს.

ფრანგული Le Parisien-ი წერს, რომ "პარი სენ ჟერმენის" ბოსები ბონუჩის წარმომადგენლებთან დაკავშირებას გეგმავენ, თუმცა თავად ფეხბურთელმა "პსჟ"-ს ინტერესის შესახებ უკვე იცის.

საინტერესოა, სატრანსფერო მოლაპარაკებები როგორ განვითარდება, თანაც, ბონუჩი, შესაძლოა, ბუფონის თანაგუნდელი კიდევ ერთხელ გახდეს, რაც დამატებითი ინტრიგაა და არაა გამორიცხული, რომ ტრანსფერში გარკვეული როლი ვეტერანმა მეკარემაც ითამაშოს.

31 წლის ბონუჩისა და 40 წლის ბუფონს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ. ჯიჯის ამ ტურნირის 2003-ის, 2015-სა და 2017 წლის ფინალი აქვს წაგებული და ბოლო 2 შემთხვევაში "იუვეს" ღირსებას ბონუჩიც იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები