''ჩვენი მიზანია ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ''
Aa
Aa

''ჩვენი მიზანია ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ''

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფიბა-ს ვიცე პრეზიდენტი თურგაი დემირელი იმყოფება, რომელიც ამასთანავე ფიბა-ს ევროპის პრეზიდენტია.

პირველი შეხვედრა სტუმარმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისთავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან გამართა, სადაც შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მიერ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იყო.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გასულ წელს გამართულ ფიბა-ს ერთ-ერთ კონგრესზე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის, ან ფინალური ეტაპის ჩატარების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა.

მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარ მიზანსაც საკალათბურთო პოტენციალის ადგილზე გაცნობა და ამ მიზნით, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა წარმოადგენს.

დღესვე, თურგაი დემირელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და სერბეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩს დაესწრება.

„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი სქართველოში ჩატარდეს. საკვალიფიკაციო ეტაპი რამდენიმე ქვეყანაში ტარდება. ჩვენი სურვილია, რომ ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართოს. დღეს, საღამოს, ქართველი კალათბურთელები სერბეთთან შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ჩვენი სტუმარი თურგაი დემირელი დაესწრება და ადგილზე გაეცნობა, თუ რამდენად შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს. სტუმარი კარგად ფლობს ინფორმაციას ბოლო წლებში, საქართველოში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, რაშიც ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ ამ ჩემპიონატსაც საქართველო მაღალ დონეზე გაუწევს მასპინძლობას. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, რომ საორგანიზაციო საკითხებზე მთავრობასთან მოხდეს შეთანხმებები. ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

parliament.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები