იოზილი გერმანელ ქომაგებს დაუპირისპირდა
Aa
Aa

იოზილი გერმანელ ქომაგებს დაუპირისპირდა

მესუთ იოზილს, ნაკრების სამარცხვინო წაგების შემდეგ, გულშემატკივრებთან სერიოზული შელაპარაკება მოუვიდა. გვირაბთან მსხდომმა ქომაგთა ჯგუფმა საკუთარი ბრაზი „არსენალის“ ნახევარმცველისკენ მიმართა და ამ უკანასკნელის პასუხმაც არ დააყოვნა. სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად გერმანიის ნაკრების პერსონალს იოზილის დაშოშმინება და ქომაგებისგან გარიდება მოუწია.

მესუთი სამხრეთ კორეასთან მარცხით ძალიან იმედგაცრუებული იყო, აზიელებთან წაგების შედეგად „ბუნდესმანშაფტმა“ F ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონატს გამოეთიშა. შეხვედრის დასრულებისას იოზილმა „მანჟეტი“ ტრიბუნებისკენ ისროლა და მატჩის შემდეგ სათადარიგო სკამზე განმარტოვდა და დიდხანს ფიქრობდა.

გერმანელები მსოფლიო ჩემპიონატს ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაემშვიდობნენ და გასაკვირი არაა, რომ გულშემატკივრებმა საკუთარი ემოციები ვერ მოთოკეს. შეგახსენებთ, რომ „ბუნდესმანშაფტის“ ქომაგების რაღაც ნაწილი თურქული ფესვების მქონე იოზილისა და გუნდოგანის გუნდში ყოფნას სასტიკად ეწინააღმდეგება. აღნიშნული დუეტი კრიტიკის ქარცეცხლში მუნდიალის დაწყებამდეც მოექცა, ისინი გულშემატკივრებმა თურქეთის პრეზიდენტთან, ტაიიპ ერდოღანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს. 

ერდოღანთან შეხვედრას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გაფრთხილება და გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. ქომაგები დღემდე თვლიან, რომ იოზილი და გუნდოგანი გერმანიის ნაკრების მაისურის მორგების ღირსები არ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები