ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე უდავოდ გამორჩეული დღე იყო. პერუმ ავსტრალია 2-0 დაამარცხა. დანიამ და საფრანგეთმა ჯერჯერობით ყველაზე მოსაწყენი შეხვედრა შემოგვთავაზეს, თუმცა საღამოს არგენტინის საოცარმა მატჩმა და ხორვატიის წარმატებამ ყველაფერი გადაფარა.

მესის მეასე

გუშინ ლეომ ბანეგას შორეული გადაცემა მშვენივრად მიიღო და მე-14 წუთზე არგენტინა დააწინაურა. მესიმ ამ გოლით წერტილი მის კრიტიკას დაუსვა, თუმცა რომ არა როხო, არავინ იცის „ალბისელესტეს“ ლიდერს მშობლიურ ქვეყანაში რა ელოდა.

ლეოს გოლი წლევანდელ მუნდიალზე საიუბილეო აღმოჩნდა. მესიმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეასე გოლი გაიტანა.

შეუდარებელი მესი

ჯერჯერობით მესის მუნდიალზე საუკეთესო მატჩი ჰქონდა. ლეომ გოლი გაიტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეტოქეთა კარი თინეიჯერულ ასაკში, ოციან და ოცდაათიან  წლებში აიღო. 18 წლის ლეომ თავი 2006 წლის მუნდიალზე გამოიჩინა, სამხრეთ აფრიკაში მშრალი სერიის შემდეგ, 26 წლის ასაკში 2014-ში 4 გოლი შეაგდო და ბოლოს 31 წლის ლეომ გუშინ ნიგერიის ნაკრების კარი აიღო.

ჯარისკაცი მასკერანო

გუშინ არგენტინას მერვედფინალში გასასვლელად ნამდვილი ომის გადატანა მოუწია. ბრძოლის შედეგები ყველაზე კარგად მასკერანოს სახეზე იყო აღბეჭდილი. ამ უკანასკნელს ლოყაზე საკმაოდ სერიოზული ჭრილობა ჰქონდა და მიუხედავად ამისა მოედნის დატოვებაზე ერთი წამით არ უფიქრია.

პერუელთა ლოდინი დასრულდა

გასაკვირი არაა, რომ პერუელმა გულშემატკივრებმა ნაკრების გოლი განსაკუთრებული ემოციების ფონზე აღნიშნეს. მე-18 წუთზე კარილიოს გატანილი ბურთი მუნდიალზე პერუელთათვის 1982 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა. მაშინ პერუს ნაკრები პოლონეთთან 5-1 დამარცხდა.

დანიასთან და საფრანგეთთან მარცხის შემდეგ პერუელი ქომაგები გუნდის გამარჯვებას 13149 დღე ელოდნენ.

კოსტა რიკა ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც გოლი არ გაუტანია

რუსეთში თავი ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა. ზოგიერთი მათგანი გუნდის წარმატებას ზეიმობს, ზოგიერთი წარუმატებლობას განიცდის, არგენტინელი ქომაგები რას გრძნობენ თავადაც არ იციან... თუმცა მუნდიალზე არსებობს ერთი ნაკრები, რომლის ქომაგებსაც ჯერ არაფერი უზეიმიათ, ეს ნაკრები კოსტა რიკაა. ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებს ჯერჯერობით მეტოქის კარი არ აუღიათ და სიტუაციის გამოსწორებას ბოლო ტურში, შვეიცარიის წინააღმდეგ შეეცდებიან.

სანახაობა დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი ზედიზედ 38 შეხვედრაში ვიხილეთ. სამწუხაროდ გოლების წვიმა საფრანგეთისა და დანიის დაპირისპირებაში შეწყდა. „ლუჟნიკებზე“ იმდენად მოსაწყენი შეხვედრა გაიმართა, რომ ორივე ნაკრების ქომაგები საკუთარ გუნდს უსტვენდნენ.

ჟირუ-გრიზმანის დუეტს პრობლემები აქვს

მუნდიალზე საფრანგეთს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ანტუან გრიზმანი და ოლივიე ჟირუ ერთ ტალღაზე ნამდვილად არ არიან და ეს დანიასთან კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ფორვარდთა დუეტმა მინდორზე 68 წუთი გაატარა და ერთმანეთის მიმართულებით მხოლოდ 1!!! ზუსტი პასი შეასრულა!

მესი გალიდერდა

ნიგერიასთან მატჩში ლეომ წლევანდელი მუნდიალის მეასე გოლთან ერთად კიდევ ერთი რეკორდი გაიფორმა. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე დრიბლინგების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ლეოს ჯერჯერობით 107 დრიბლინგი აქვს შესრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები