Aa
Aa

კარილიოს სუპერგოლი და პერუმ მუნდიალზე 36 წლის შემდეგ პირველად მოიგო!

პერუს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა და საწყის 2 შეხვედრაში გამარჯვებას ვერ მიაღწია, თუმცა ბოლო ტურში ავსტრალიის დამარცხება შეძლო.

პერუელთა კაპიტანი, ხოსე პაოლო გერერო მატჩის წინ აცხადებდა: "ჩვენს კბილებს შორის ბასრი დანაა, რადგან გამარჯვება უბრალოდ აუცილებელია". გერერო თანაგუნდელებს მოუწოდებდა, რომ მაქსიმალური კონცენტრაციით ეთამაშათ და მოგებისთვის ებრძოლათ.

ამ დროს, სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, მისი მეტოქე კი 1/8 ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

მატჩის სტარტზე, ავსტრალიელები აქტიურობას ცდილობდნენ და იგრძნობოდა, რომ მათ მოგება სჭირდებოდათ, თუმცა შეტევების გამწვავება უჭირდათ და მომენტები ნაკლებად იქმნებოდა.

პერუელები შანსს ელოდებოდნენ და დიდხანს ცდა არც დასჭირვებიათ. მე-18 წუთზე, გერეროს მიმართულებით გრძელი გადაცემა შესრულდა, მან ბურთი დაამუშავა და ჩააწოდა, რასაც ანდრე მარტინ კარილიოს ულამაზესი დარტყმა მოჰყვა.

კარილიომ, რომელიც ბოლო წლებში "ბენფიკას", "სპორტინგისა" და "უოტფორდის" ღირსებას იცავდა, შორეული კუთხისკენ გაისროლა და მეკარე უშანსოდ დატოვა.

 

1982 წლის შემდეგ, კარილიო პირველი პერუელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიტანა. 

გაშვებული გოლის შემდეგ, ავსტრალია გაცილებით აქტიურად უტევდა და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა მეტოქის ცუდი დაცვის მიუხედავად, პერუელებს ხან უმართლებდათ, ხან კი შემტევები სცოდავდნენ.

საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა, პარალელურად კი დანიისა და საფრანგეთის შეხვედრაში ნულოვანი ფრე იყო, რაც ავსტრალიისთვის დამატებითი პრობლემა გახლდათ.

მეორე ნახევარი პერუელთა გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე, საჯარიმოში ბურთი გერერომ მიიღო და შემოტრიალებით რთული, მაგრამ შედეგიანი დარტყმა შეასრულა.

ეს ის გერეროა, რომელსაც კოკაინის მოხმარების გამო, ფეხბურთიდან რამდენიმე თვით მოკვეთა და მუნდიალს მიღმა დარჩენა ექმურებოდა. გადაწყვეტილება შვეიცარიის სასამართლოში გასაჩივრდა და "ბაიერნისა" და "ჰამბურგის" ყოფილ ფორვარდს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება, ტურნირის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დართეს.

 

"ოზების" დამრიგებელმა, ბერტ ვან მარვიიკმა მოედანზე ლეგენდარული, ტიმ კეჰილი გამოიყვანა, რომელიც 38 წლისაა და მე-3 ავსტრალიელი გახდა, რომელმაც 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა - 2006; 2010; 2014 და 2018.

გუნდს ვერც ვეტერანი ლიდერის გამოსვლამ უშველა. პირველი ნახევრისგან განსხვავებით, პერუს თავდაცვა ნაკლებად უჭირდა და საქმე გამარჯვებამდე საკმაოდ იოლად მიიყვანა.

საბოლოო ჯამში, პერუმ ჯგუფური ეტაპი 3 ქულით დაასრულა, ავსტრალიამ კი მხოლოდ დანიასთან აღებული ქულა იკმარა. ამ ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, საფრანგეთისა და დანიის ეროვნული ნაკრებები გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები