Aa
Aa

არასანახაობრივი, მაგრამ სასურველი ფრე "ლუჟნიკებზე"...

მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საფრანგეთსა და დანიას შორის, გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე მუნდიალზე, 36 შეხვედრა უგოლო ფრით არ დასრულებულა და ეს სერია სწორედ ამ გუნდებმა შეწყვიტეს.

შედეგად, ორივე გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია და 1/8 ფინალში გაღწევა შეძლო - საფრანგეთმა პირველი ადგილი დაიკავა, დანიამ - მეორე.

დანიელები შეხვედრას 17 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით ხვდებოდნენ, რაშიც ოფიციალური დაპირისპირებები შედის. ოგე ჰარეიდეს გუნდმა ეს სვლა გააგრძელა და ქულის აღებით, 1/8 ფინალში, D ჯგუფის პირველადგილოსანზე გავიდა.

უშუალოდ თამაშზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან იგრძნობოდა, რომ ფრე ორივე გუნდისათვის მისაღები შედეგი იყო. თანაც, ფრანგები მე-2 შემადგენლობით თამაშობდნენ და მონდომების მიუხედავად, შეთამაშების პრობლემა სახეზე იყო.

"მამლების" დამრიგებელმა უგო ლორისი, სამუელ უმტიტი, პოლ პოგბა, ბლაიზ მატუიდი და კილიან მბაპე დაასვენა, რომელთაც 1/8 ფინალისთვის მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო მიეცათ.

"მამლებმა" რამდენიმე მწვავე შეტევა განავითარეს და მომენტებიც შექმნეს, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს, რაც არც მაინცდამაინც გასაკვირი გახლდათ და გული დიდად არც თავად დასწყვეტიათ.

დანიელებმა კი მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს, რითაც გუნდს თავდაჯერება კიდევ უფრო შეემატა და აშკარაა, რომ სკანდინავიური გუნდი საჩუქარი არავისთვის იქნება.

საფრანგეთმა ჯგუფში 7 ქულა მოაგროვა, დანიამ - 5, პერუმ - 3, ხოლო ავსტრალიამ - 1. შესაბამისად, ფრანგები 30 ივნისს, D ჯგუფის მეორეადგილოსანთან, ყაზანში ითამაშებენ, დანიის მოწინააღმდეგე კი, 1 ივლისს, D ჯგუფის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები