საბალეტა:
Aa
Aa

საბალეტა: "მესი წნეხის ქვეშაა, მაგრამ ნიგერიასთან თავს აუცილებლად გამოიჩენს"

არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, პაბლო საბალეტას, მიაჩნია რომ ლიონელ მესი დიდ წნეხისქვეშაა, თუმცა ნიგერიასთან თავს აუცილებლად გამოიჩენს.

მერვედფინალში გასასვლელად „ალბისელესტეს“ ნიგერიის დამარცხება მართებს. ბოლოს ეს ნაკრებები ერთმანეთს გასულ ნოემბერში დაუპირისპირდნენ და მაშინ „სუპერ არწივებმა 4-2 იმარჯვეს.

მესის ისლანდიასთან მატჩში გუნდის დაწინაურება თერთმეტმეტრიანით შეეძლო, თუმცა „ბარსელონას“ შემტევმა პენალტი გააფუჭა, რასაც ხორვატიასთან შეხვედრის სრულად ჩაგდება მოჰყვა.

საბალეტა თვლის, რომ არგენტინელი მაყურებელი მესის უმიზეზოდ აკრიტიკებს და დარწმუნებულია, რომ ლიონელი თავის სიტყვას ნიგერიასთან აუცილებლად იტყვის.

„ვფიქრობ მესისთვის არგენტინის ნაკრებში თამაში უფრო და უფრო რთულდება. ლეო ასაკში შედის, შაბათს ის 31 წლის გახდა და ხანდახან ფეხბურთელი ფიზიკურთან ერთად მენტალურ დაღლასაც განიცდის. "ალბისელესტეს" უახლესმა ისტორიამ მესის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება განაპირობა. გუნდმა ბოლო სამი ფინალი წააგო და ბუნებრივია არგენტინაში ამ შედეგით არავინ დაკმაყოფილდება. გულშემატკივრების და ჟურნალისტების დიდი ნაწილისთვის მხოლოდ ფინალში გასვლა მიუღებელია და მათ გამარჯვების მიღწევა სურთ“.

„ზედიზედ სამი ფინალის წაგება ნებისმიერი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ურთულესი გადასატანია“.

„რთულია, როდესაც მშობლიურ ქვეყანაში ხელმოცარულივით გეპყრობიან. არგენტინელები მესის მიერ „ბარსაში“ მოგებულ ტიტულებს ხედავენ და სურთ, რომ მან ეროვნულ ნაკრებშიც იგივე გააკეთოს“.

„ლეოს ყოველთვის აკრიტიკებენ, მაგრამ, როდესაც იგი გუნდთან ერთად არაა, როგორც ეს 2016 წლის „კოპა ამერიკის“ ფინალის შემდეგ მოხდა, გულშემატკივრები და ჟურნალისტები ნაკრებში დაბრუნებას ეხვეწებიან“.

„როგორც მისმა თანაგუნდელმა, შემიძლია განვაცხადო, რომ მესისთან ერთად არგენტინა გაცილებით უკეთესი გუნდია და ყველა, ვინც თვლის, რომ მესის გარეშე „ალბისელესტე“ უკეთ იასპარეზებს, ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგება. ნაკრებში ყოფნისას მესის ლიდერის თვისებებს და წამყვან როლს ყველა შეხვედრაში ვხედავდი“.

საბალეტა ხორვატიასთან მატჩსაც შეეხო და მესის დამოკიდებულების შესახებ წუხილი გამოხატა.

„არგენტინის ნაკრების ფორმით ყველაზე ბედნიერი მესი 2012 წელს ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ვიხილე, ლეომ „სელესაოს“ სამი გოლი გაუტანა და მთელი მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა. ხორვატიასთან ყველაფერი სხვანაირად იყო, მისი სხეულის ენა სტრესს და უბედურებას გამოხატავდა, ასეთი მესის ხილვა ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა. ლეო ჩემი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელია, იგი ძალიან მიყვარს და მისი ასეთ სიტუაციაში ყოფნა გულს მტკენს“.

„მესის სხეულის ენა მის თავსა და გულში არსებულ მდგომარეობას იდეალურად გამოხატავდა“.

„ხორვატიასთან მისი საშინელი თამაში სულაც არ გამკვირვებია. როგორც ფეხბურთელმა, ვიცი რომ, როდესაც მატჩისგან სიამოვნებას ვერ იღებ კარგად თამაში ძალიან რთულია. ლეო მუდამ დიდი წნეხის ქვეშაა, იგი საუკეთესო ფეხბურთელია და ხალხი მისგან ბევრს ითხოვს. დარწმუნებული ვარ მესი ნიგერიასთან საოცრად ითამაშებს და გუნდს მერვედფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები