ფედერერმა ჩორიჩთან წააგო და რეიტინგის პირველი პოზიცია დაკარგა
Aa
Aa

ფედერერმა ჩორიჩთან წააგო და რეიტინგის პირველი პოზიცია დაკარგა

გერმანიის ქალაქ ჰალეში გამართული ტურნირი ბორნა ჩორიჩის გაამრჯვებით დასრულდა. ახალგაზრდა ხორვატმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და ATP-ს მე-2 ტიტული დაისაკუთრა.

თამაში 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა და მისი პირველი პარტია ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩორიჩმა 8:6 იმარჯვა და სეტებში დაწინაურდა.

ფედერერმა მე-2 სეტი 1 ბრეიკით, 6:3 მოიგო, თუმცა გადამწყვეტი პარტიისთვის კარგად ვერ მოემზადა და 2:6-ზე დამარცხდა, რაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

ბორნა ჩორიჩმა კარიერაში მე-2 ტურნირი მოიგო, 500-იანი გათამაშების გამარჯვებული კი პირველად გახდა. მას აქამდე, მაროკოს 250-იანი ტურნირი ჰქონდა მოგებული.

ბორნა ჩორიჩმა ამ წარმატებისთვის 500 სარეიტინგო ქულა და 427 590 ევრო მიიღო, ფედერერს კი 300 ქულა და 209 630 ევრო ერგო.

ჩორიჩმა ფედერერის შესანიშნავი სვლა შეწყვიტა - "მაესტრო" ბალახის საფარზე ზედიზედ 20 მატჩი არ მარცხდებოდა. ამასთანავე, როჯერს ჰქონდა შანსი, რომ ჰალეს ტურნირი მეათედ მოეგო.

36 წლის შვეიცარიელი ხვალიდან მსოფლიოს მე-2 ჩოგანი იქნება და პირველ პოზიციას ისევ რაფაელ ნადალი დაიკავებს. თანაც, ფედერერს კარსმომდგარ "უიმბლდონზე" საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები