Aa
Aa

ლამაზად და დამაჯერებლად! - მექსიკა 1/8 ფინალთან ერთ ნაბიჯშია

მექსიკის ეროვნული ნაკრები წარმატებულ სვლას აგრძელებს და მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრაში, როსტოვში, "როსტოვ არენაზე", სამხრეთ კორეის ნაკრებს 2:0 აჯობა.

ფიფას ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ სტადიონის ტრიბუნები, თითქმის მთლიანად, მექსიკელი გულშემატკივრებით იყო შევსებული, ხოლო ჰიმნისას განსაკუთრებული ხმაური იყო და ფეხბურთელებთან ერთად, იგი ფანებმაც იმღერეს. "აზტეკებს" მართლაც შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ და მუნდიალს ეს ყველაფერი ყოველთვის განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

საგულისხმოა, რომ გუნდები ერთმანეთს მე-13-ედ ხვდებოდნენ, რაც სხვა კონტინენტის ნაკრებებს შორის, საკმაოდ მაღალი რიცხვია. დღევანდელი შედეგის ჩათვლით, 6-ჯერ მექსიკელებმა იმარჯვეს, 4-ჯერ კორეელებმა, 2 თამაში კი ფრედ დასრულდა.

მატჩის სტარტიდანვე ცხადი გახდა, რომ მექსიკა პირველ ნომრად ითამაშებდა, აზიელებმა კი აქცენტი დაცვიდან თამაშზე გააკეთეს, თუმცა მათ გეგმის შეცვლა მალევე მოუწიათ, რადგან მეტოქის მწვავე შეტევების მოგერიება უჭირდათ და 26-ე წუთზე გოლიც გაუშვეს.

სამხრეთ კორეელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს ბურთი ხელში საჯარიმო მოედნის ფარგლებში მოხვდა, მსაჯმა კი პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, ნიშნულთან კი კარლოს ველა მივიდა.

ველამ თერთმეტი მეტრიდან წარმატებით დაარტყა, მან მეკარე მოატყუა და მარცხენა კუთხეში გაიტანა, რითაც ნაკრების მაისურით ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო ბურთი შეაგდო.


 

აზიელები შედარებით გამოფხიზლდნენ და მარცხენა ფლანგიდან რამდენიმე სახიფათო შეტევაც განავითარეს, თუმცა მომენტამდე საქმის მიყვანა უჭირდათ.

ინიციატივას მაინც მექსიკა ფლობდა, რომლის დაცვაც საკმაოდ გამართულად თამაშობდა, კარში კი, ტრადიციულად, დამაჯერებელი გახლდათ გილერმო ოჩოა.

ტაიმიც 1:0 დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, მექსიკას იმ ბოლო 10 მატჩიდან, რომელშიც პირველი ტაიმი მოიგო, მხოლოდ 1 თამაში ჰქონდა წაგებული.

კორეელთა უნაყოფო შეტევების შემდეგ, 66-ე წუთზე, ინტრიგა თითქმის მოკვდა, რადგან ჩიჩარიტომ თავისიანები 2 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

"აცტეკებმა" ბრწყინვალე კონტრშეტევა განავითარეს, ლოსანომ ბურთიანად დაახლოებით 30 მეტრი გაიარა, შემდეგ ჩიჩარიტოს უპასა, რომელმაც კლასი გამოავლინა და იერიში სათანადოდ დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ჩიჩარიტომ თავისი მე-4 გოლი შეაგდო, რითაც მექსიკელთა ბომბარდირს, ლუის ერნანდესს გაუთანაბრდა, რომელსაც მუნდიალებზე ასევე 4 გოლი აქვს აქტივში.


 

ნაკრების მაისურით მორიგი მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა რაფა მარკესმა, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე, გუარდადოს ნაცვლად შევიდა. 

მარკესმა "აცტეკების" ფორმით 148-ედ ითამაშა და პაველ პარდოს გაუთანაბრდა. ეს ფეხბურთელები, მექსიკის ნაკრების ყველა დროის ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ მოთამაშეთა სიაში მე-3 ადგილს იყოფენ.

შეგახსენებთ, რომ რაფა მარკესმა ეროვნულ ნაკრებს მე-5 მუნდიალზე უკაპიტნა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია და მართლაც რთული იქნება, რომელიმე ფეხბურთელმა ამ მიღწევის გაუმჯობესება შეძლოს.

ერთადერთი, რაც აზიელებმა შეძლეს, 93-ე წუთზე, მათი ლიდერის, სონის გოლი იყო. "ტოტენჰემის" შემტევმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და მარცხენა ფეხით ჩახვეული დარტყმა შეასრულა. გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა.

სონის მე-5 კორეელია, რომელმაც 2 სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა. აქამდე ეს ჯისუნ პარკმა, იუნჰვან ანმა, იოო სანჩუიმ და ჰვან სუნჰონმა გააკეთეს.


 

6 ქულით, მექსიკა ჯგუფის ლიდერია და 1/8 ფინალში თამაში თითქმის განაღდებული აქვს, თუმცა ჯერ ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმებული არაა. სამხრეთ კორეას 0 ქულა აქვს და უშანსოდაა, ოდნავ მოგვიანებით კი, გერმანია და შვედეთი ერთმანეთში ითამაშებენ.

ბოლო ტურში, მექსიკა შვედეთს შეხვდება, ხოლო კორეელებს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის წინააღმდეგ თამაში მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები