Aa
Aa

მუნდიალის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი - ბელგიამ მსუბუქად და ლაღად იმარჯვა

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ამჯერად ტუნისის მთავარი გუნდი გაანადგურა. რობერტო მარტინესის ბიჭებს ყველაფერი გამოსდიოდათ და ხუთივე გოლი ძალიან მარტივად, იშვიათი სიმსუბუქით გაიტანეს, ისე, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყვნენ.

ტუნისის ნაკრებს ევროპელი მეტოქეების წინააღმდეგ ძალიან უჭირს და მსოლფიო ჩემპიონატის ეგიდით, მათთან არასდროს მოუგია. აფრიკელებს, დღევანდელი შედეგის ჩათვლით, 3 ფრე და 7 წაგება აქვთ.

ბელგიას უკვე 21 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. რობერტო მარტინესის გუნდი ბოლოს 2016 წლის 1 სექტემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ დამარცხდა.

თამაში ბელგიელთა აქტიურობით დაიწყო და თითქმის პირველივე მომენტი გოლად გარდაისახა. მე-6 წუთზე, ტუნისელებმა საჯარიმოს ხაზზე ედენ აზარი წააქციეს, რასაც თერთმეტი მეტრიდან დაზარალებულის მიერ ზუსტად დარტყმა მოჰყვა.

ბელგიელთა კაპიტანმა მეკარე მოატყუა და მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგდო. აზარმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 23-ე გოლი გაიტანა, უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე კი თავი პირველად გამოიჩინა.

 

მეორე გოლამდე ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. მე-16 წუთზე, დრის მერტენსის პასის შემდეგ, ლუკაკუმ შორეულ კუთხეში, დაბალი დარტყმით შეაგდო - ანგარიში 2:0 გახდა.

ბელგიელთა ცენტრფორვარდმა მიმდინარე ტურნირზე თავი მესამედ გამოიჩინა. მან პირველ ტურში პანამის ნაკრებს 2 გოლი გაუტანა.

 

აფრიკელებმა 1 ბურთი მალევე გაქვითეს. გაშვებული ბურთიდან 2 წუთში, ბელგიელთა კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ხაზრიმ ჩააწოდა, ბრონმა კი თავური დარტყმით, კურტუას შანსი არ დაუტოვა - 2:1.

22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ნაკრებში მე-6 შეხვედრას ატარებდა, ეროვნული გუნდის ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა.

 

24-ე და 41-ე წუთებზე, ტუნისელებს 2 იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუწიათ. ყველაფერს კი ის დაემატა, რომ ტაიმის ბოლოს მათ კარში კიდევ ერთი ბურთი გავიდა.

ტომას მუნიემ შესანიშნავი სლალომი მოაწყო, საჯარიმოს მისადგომებთან კი პაუზა გააკეთა და უცებ ლუკაკუს გენიალური გადაცემა მიაწოდა. "მანჩესტერის" ფორვარდმა მეკარეს ბურთი მარტივად გადაუგდო და შესვენებაზე ბელგია 3:1 უპირატესობით გაიყვანა.

 

51-ე წუთზე, ედენ აზარმა ყოველგვარი ინტრიგა მოკლა. ალდერვაირელდის პასის შემდეგ, "ჩელსის" შემტევმა ბურთი ჰაეროვნად დაამუშავა, მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.

 

რობერტო მარტინესის ბიჭბი თავს აღარ იკლავდნენ და შეტევაში მაშინ გადადიოდნენ, როცა ამის შანსი მიეცემოდათ. მიჩი მატშუაის გამოსვლისთანავე, ევროპელებმა მოუმატეს, თავად ბატშუაი კი ძალიან მონდომებული და გოლზე დაგეშილი გახლდათ.

კარგი შანსის ვერ გამოყენების შემდეგ, ბატშუაიმ 90-ე წუთზე მაინც გაიტანა. ტილემანსმა საჯარიმოში ჩააწოდა, ბატშუაი მცველებს გაეპარა და უკანა ძელი წარმატებით ჩაკეტა - 5:1.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში ტუნისელთა ლიდერმა, ვაჰბი ხაზრიმ დააფიქსირა, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული დაბალი ბურთი, კარისკენ ზუსტად გადაგზავნა.

 

გოლი გოლად, თუმცა ტუნისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას უკვე 40 წელია ვერ ახერხებს. ტუნისელებმა მას შემდეგ ამ ტურნირზე გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ბელგიის ნაკრებს, მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთ მატჩში 5 გოლი პირველად გაიტანა. ამასთანავე, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, "წითელი ეშმაკები" უკვე 11 თამაშია არ აგებენ.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ანგარიშით 5:2 მატჩი მეცხრედ დასრულდა. ბოლოს ეს ანგარიში 2014 წელს, საფრანგეთისა და შვეიცარიის შეხვედრაში დაფიქსირდა, პირველად კი 1934 წელს, როცა გერმანიამ ბელგიას აჯობა.

ბელგიელებმა 6 ქულა დააგროვეს და ჯგუფის ლიდერები არიან. ისინი ბოლო ტურში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებენ და სავარაუდოდ, ჯგუფის პირველადგილოსანი სწორედ ამ თამაშში გაირკვევა.

ტუნისის ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი შერჩა, თუმცა იგი პანამის ნაკრებზეა დამოკიდებული და საჭიროა, რომ პანამელებმა ინგლისის ნაკრებს მოუგონ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები