კეიტა ლივერპულშია - სატრანსფერო თანხა 53 მილიონს შეადგენს
Aa
Aa

კეიტა ლივერპულშია - სატრანსფერო თანხა 53 მილიონს შეადგენს

ნაბი კეიტა ლივერპულში ჩავიდა. ფეხბურთელი ''ლაიფციგიდან'' 53 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''ლივერპულში'' გადავიდა. გვინეის ნაკრების წევრი უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მხარეებმა შეთანხმებას გასულ წელს მიაღწიეს, რომლის მიხედვით მოთამაშე ''ლივრპულისთვის'' 2018 წლის ზაფხულიდან ითამაშებდა.

აფრიკელი ნახევარმცველი იურგენ კლოპის გუნდს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდება. მისი დებიუტი შესაძლოა 7 ივლისს შედგეს, როცა ''ლივერპული'' ამხანაგურ მატჩში ''ჩესტერს'' შეხვდება. იურგენ კლოპმა სეზონის დაწყებამდე 9 ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის მონაწილე აშშ-ში ტურნეს გამართავს.

''ლივერპულს'' კეიტას გარდა ასევე შეუერთდება ფაბინიო, რომელიც გასული სეზონის დაწყების შემდეგ 44 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''მონაკოდან'' ინგლისურ კლუბში გადავიდა.

ასევე გეტყვით, რომ გასულ ზამთარში ''მერსისაიდელებმა'' ვან დიკის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.  

გვინეელი ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და მას შეტევების ჩაშლასთან ერთად, მისი წამოწყებაც ეხერხება. დაცვის გაძლიერების შემდეგ, იურგენ კლოპი იგივეს ნახევარდაცვაშიც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნაბი კეიტა "ლაიპციგის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 52 შეხვედრაში 13 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

შეგახსენებთ, ''ლივერპულს'' ასევე სურდა ნაბილ ფეკირის შეძენა, თუმცა დიდი ალბათობით ტრანსფერი არ განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით ''ლიონმა'' მიმდინარე თვეში გააკეთა განცხადება:  „გაცნობებთ, რომ ნაბილ ფეკირის „ლივერპულში“ ტრანსფერი არ შედგა და შაბათ საღამოს მოლაპარაკებები „ლიონმა“ ოფიციალურად დაასრულა. „მერსისაიდული“ გუნდი ნაბილის გადაბირებით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული, თუმცა ფეკირის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის რამდენიმე ამბიციურ კლუბსაც სურს. „ლიონი“ კაპიტნის დარჩენით მოხარულია და სჯერა, რომ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ლიონმა" განცხადება საიტიდან წაშალა. უცხოურ პრესაში ფრანგების გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები, ჯერჯერობით არ ხმაურდება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები