„მო სალაჰ! მო სალაჰ! - ჩემი ქალიშვილი „ლივერპულის“ ცივსისხლიანი ფანია!
Aa
Aa

„მო სალაჰ! მო სალაჰ! - ჩემი ქალიშვილი „ლივერპულის“ ცივსისხლიანი ფანია!

„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა საკუთარ მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის უემბლის სტადიონთან ცხოვრობდა და ამ მოედანზე თამაშზე ოცნებობდა.

იამაიკაში დაბადებული ფეხბურთელი, ინგლისში 5 წლის ასაკში ჩავიდა, სადაც მას დედამისი ელოდებოდა. ინგლისში ჩასვლის შემდეგ სტერლინგი ჯერ „ქპრ“-ში შემდეგ კი „ლივერპულში“ თამაშობდა.

სტერლინგი ფეხბურთის თამაშის პარალელურად დედამისს ეხმარებოდა და სასტუმროებში საპირფარეშოებს ალაგებდა. ფეხბურთელის სახლის უკანა ეზო უემბლის სტადიონს უყურებდა, სტერლინგი კი იქ თამაშზე ოცნებობდა.

„პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი ოცნების ჩრდილში გავიზარდე. ჩემი სახლის უკანა ეზოდან უემბლის სტადიონს ვუყურებდი ხოლმე. ერთ დღეს, როდესაც სახლიდან გავედი სტადიონის უზარმაზარი თაღი დავინახე. ის მთასავით იყო. სახლის ეზოში ვთამაშობდი ხოლმე და როდესაც გოლს ვიტანდი, გავრბოდი და უემბლის სტადიონის თაღთან მივდიოდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თითქოს იქ ვთამაშობდი.“

ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირება ბევრ გუნდს სურდა, თუმცა მას შემდეგ რაც დედამისმა ის გააფრხილა, რომ „არსენალში“ არ ეთამაშა, სტერლინგი „ქპრ“-ს რიგებს შეუერთდა.

‘ ჩემი გადაბირება „არსენალს“ სურდა. როდესაც ასეთ კლუბს უნდიხარ, რათქმა უნდა ფიქრობ რომ უნდა გადახვიდე. თუმცა „არსენალში“ გადასვლა დედაჩემმა გადამაფიქრებინა. მან ცხოვრებაში ბევრი სირთულე დაძლია და ვთვლი რომ ის ყველაზე ბრძენი ქალია. ერთ დღესაც ის ჩემთან მოვიდა და მითხრა - „მიყვარხარ. მაგრამ არ ვფიქრობ რომ შენი „არსენალში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იქნება“. ’

ამის შემდეგ სტერლინგმა „ლივერპულში“ გაიბრწყინა, რისი შანსიც მას კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა მისცა. მერსისაიდელთა მაისურით პირველი შეხვედრა მან სწორედ ამჟამინდელი კლუბის, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართა..

2015 წლის ზაფხულში სტერლინგი 50 მლნ ფუნტის სანაცვლოდ, „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, რამაც „ლივერპულის“ გულშემატკივრების უმრავლესობა დაამწუხრა. სტერლინგის თქმით მისი უმცროსი ქალიშვილი დღემდეგ „ლივერპულის“ გულშემატკივრად რჩება. ფეხბურთელის თქმით, პრემიერ ლიგის თასის მოგების შემდეგ, როდესაც სახლში მივიდა, ბედნიერი და გახარებული ოჯახის წევრების ნახვას ელოდა, თუმცა სრულიად სხვა სურათი დახვდა.

„ჩემი ქალიშვილი ოთახებში დარბოდა, სწორედ ისე როგორც მე დავრბივარ და იცით რას მღეროდა?!.... მო სალაჰ! მო სალაჰ! და არ ჩერდებოდა. მას არ აინტერესებს „მანჩესტერ სიტი“ ის მხოლოდ „ლივერპულის“ ფანია. გჯერათ ამის?! ცივსისხლიანი ფანია.“

ამჟამად სტერლინგი რუსეთშია და ინგლისის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს. კვირას „სამი ლომი“ პანამის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში G ჯგუფიდან გასვლას ფაქტიურად გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები