''მათ თითოეული არგენტინელი გააბრაზეს'' - ''ეს იყო არგენტინის ყველაზე სუსტი თამაში''
Aa
Aa

''მათ თითოეული არგენტინელი გააბრაზეს'' - ''ეს იყო არგენტინის ყველაზე სუსტი თამაში''

პაბლო საბალეტა აღიარებს, რომ არგენტინის ნაკრების წარუმატებელმა ასპარეზობამ არგენტინაში თითოეული ადამიანი გააბრაზა.

BBC-ის ეთერში საბალეტამ ალან შირერთან, ცესკ ფაბრეგასთან და გარი ლინეკერთან ერთად შეხვედრას ანალიზი გაუკეთა. მისი თქმით არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ყველაზე სუსტად ხორვატიასთან ითამაშა.

''ჩემთვის რთულია ამის თქმა, მაგრამ ხორვატიასთან არგენტინელი ფეხბურთელები ძალიან არაპროდუქტიულები იყვნენ. განსაკუთრებით ეს ითქმის მეორე ტაიმზე, როცა მათ არაფერი შეუქმნიათ და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. მატჩის დასკვნით 15 წუთში არგენტინის ნაკრების წევრებს იმედი ჰქონდათ დაკარგული. ამ ყველაფრის ყურება არგენტინელი ქომაგისთვის ძალიან რთული იყო'' - აღნიშნა საბალეტამ.

კითხვაზე შეუძლია თუ არა მას გაიხსენოს არგენტინის ნაკრების მიერ ჩატარებული უფრო ცუდი მატჩი, საბალეტამ სწრაფად უპასუხა: ''არა, არა. გულწრფელად გითხრათ არ მახსენდება.

ჩვენ შეგვიძლია ვილი კაბალიეროს შეცდომაზე ვისაუბროთ, მაგრამ სხვა არაერთი შეცდომა ვნახეთ. ვფიქრობ გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ალბათ მეორე ტაიმში მესის დარტყმა არ შეუსრულებია.

სამპაოლიმ აგუერო მოედნიდან გაიყვანა და თამაშში გონსალო იგუაინი ჩართო. რატომ არ შეიძლება მათ ერთად ითამაშონ? თუ მე ხორვატიის ნაკრების მცველი ვარ და თამაში აგუეროსა და იგუაინის წინააღმდეგ მიწევს, რა თქმა უნდა უფრო დამწუხრებული ვიქნები'' - განაცხადა არგენტინელმა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლინეკერს უთხრა, რომ ის ძალიან განიცდიდა ყოფილი თანაგუნდელის, ვილი კაბალიეროს შეცდომას, რასაც პირველი გოლი მოჰყვა.

''ძალიან ვწუხვარ კაბალიეროს შეცდომის გამო. ''მანჩესტერ სიტიში'' მასთან ერთად 3 წელი გავატარე. მან დიდებული შანსი მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან სასტარტო თერთმეტეულის მეკარედ რომერო ითვლებოდა, თუმცა მისი ტრავმის გამო კაბალიერო მუნდიალზე სასტარტოში მოხვდა.

კაბალიეროს მუნდიალის დაწყებამდე მცირე ტრავმები აწუხებდა, თუმცა შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, ამ დონის ტურნირზე კი ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ძალიან მარტივია.

შესაძლოა საკლუბო დონეზე ამ ტიპის შეცდომა დაუშვა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში გიწევს, მაგრამ ეს ხომ მუნდიალია. თუ ვერ გაიმარჯვებ, სახლში წასვლა მოგიწევს. ძალიან ვწუხვარ, კაბალიერომ დიდი შეცდომა დაუშვა.

ვფიქრობ თითოეული არგენტინელი ძალიან გაბრაზებულია. არგენტინელი ხალხი ელოდა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპს, რომ მათი საყვარელი გუნდი წარმატებით ითამაშებდა. რამდენიმე ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ მონაწილეობს მუნდიალზე.

ჩვენ დავმარცხდით 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. გარდა ამისა კოპა ამერიკის ორ ფინალში პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა. თითოეული ფეხბურთელისთვის მიმდინარე მუნდიალი შესანიშნავი შანსი იყო, მაგრამ დღეს ძალიან რთულია წარმატებაზე ფიქრი. ისინი დიდ კრიტიკას მიიღებენ მედიის მხრიდან'' - დაასრულა საბალეტამ.

D ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა არგენტინასა და ხორვატიას შორის შედგა და ბალკანელების დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მატჩის პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ არგენტინას ძალიან გაუჭირდებოდა და ეს ასეც მოხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ხორხე სამპაოლიმ საფლავი გაითხარა. მის მიერ არჩეული სქემა 3-4-3 მცდარი გამოდგა და გუნდმა სრული კრახი განიცადა. არგენტინა ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა. შემადგენლობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო.

ხორვატიამ "ალბისელესტე" ყველა ასპექტში დაჩაგრა. ანგარიში ვილი კაბალიეროს მიუტევებელი შეცდომით გაიხსნა და ამის შემდეგ არგენტინა მოიშალა.

არგენტინა დღეიდან სხვის იმედად რჩება. თუ, დღეს ისლანდია ნიგერიას დაამარცხებს, სამპაოლის გუნდის შანსები 1%-მდე დაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები