ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას. „ალბისელესტემ“ გუშინ ხორვატიასთან, 3-0 წააგო და ახლა, რა საოცარიც არ უნდა იყოს ისლანდია-ნიგერიის შედეგზეა დამოკიდებული. ხორვატიის გარდა საფრანგეთმა იმარჯვა, "მამლებმა" დეშამის პრაგმატული ფეხბურთის წყალობით პერუ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ტურის პირველ შეხვედრაში კი ერთმანეთს ავსტრალია და დანია დაუზავდნენ.

ოტამენდის უღირსი საქციელი

ხორვატია 2-0-ს იგებდა და არგენტინის მთელი ნაკრები იმედგაცრუებული იყო. ნიკოლას ოტამენდიმ ემოციების მოთოკვა ვერ მოახერხა, „მომენტი გამოიყენა“ და წაქცეულ რაკიტიჩს ფეხი თავთან ახლოს ჩაარტყა. დარღვევა აშკარა იყო, თუმცა მსაჯმა არგენტინელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა და გადაწყვეტილება არც ვიდეო რეფერის შეუცვლია.

ოცნებების მკვლელი ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩმა არგენტინის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანა, მაგრამ „ალბისელესტეს“ ფეხბურთელებს „საშინაო დავალება“ რომ შეესრულებინათ ლუკას შედევრს ალბათ ვერ ვიხილავდით. მოდრიჩმა თითქმის იდენტური გოლი 5 წლის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გაიტანა. იმ საღამოს ხორვატმა ფლეიმეიქერმა სერ ალექსის, წასვლამდე ერთი ევროპული ტიტულის მოგების და გუშინ, მესის მსოფლიო ჩემპიონობის ოცნება მოკლა.

არბიტრის რეკორდი

არგენტინა-ხორვატიის მატჩის წინ რეკორდებზე პროგნოზები რომ გაგეკეთებინათ აშკარა ფავორიტი ლეო მესი იქნებოდა, თუმცა ისტორიული მიღწევა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ჩაიწერა.

შესაძლოა რავშან ირმატოვი ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრებისთვის ცნობილი სახელი არაა, მაგრამ უზბეკი არბიტრი პირველი რეფერი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 10 შეხვედრა იმსაჯა.

შმეიხელის "Trash Talk"

კასპერ შმეიხელმა პენალტის ეპიზოდში, იედინაკის წყობიდან გამოყვანა საკალათბურთო „Trash Talk“-ით - „ბინძური ლაპარაკით“ სცადა. მსაჯის გადაწყვეტილებით გაბრაზებული შმეიხელი ჯერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მდგომ იედინაკთან მივიდა, რაღაცები უთხრა, შემდეგ კი კარის ხაზზე დადგა და ავსტრალიელს ასეთი რამ მიაძახა: „ზუსტად ვიცი პენალტებს როგორ ურტყამ, აუცილებლად ავიღებ“. შმეიხელის საუბარმა იედინაკზე გავლენა ვერ მოახდინა და ამ უკანასკნელმა პენალტი ცივსისხლიანივით შეასრულა.

იედინაკმა ჰაერში „დაიჩოქა“

ავსტრალიელთა კაპიტანმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლები გოლზე მეტად მისმა აღნიშვნამ გააოცა. „ტვიტერზე“ იედინაკის ფოტო გავრცელდა, სადაც ეს უკანასკნელი ჰაერში „იჩოქება“.

პერუს ქომაგებმა „ეკატერინბურგის სტადიონი“ დაიპყრეს

გუშინ პერუელმა გულშემატკივრებმა სტადიონზე ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. ტრიბუნებისთვის რომ შეგეხედათ ყველგან წითელ-თეთრს და აქა-იქ ლურჯ წერტილებს დაინახავდით. თვალი, რომ დაგეხუჭათ თავი პერუს რომელიმე სტადიონზე გეგონებოდათ. სამწუხაროდ გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის წარმატება ვერ იხილეს და პრაგმატული ფეხბურთის წყალობით დეშამის გუნდმა 1-0 იმარჯვა.

ITV-ის კომენტატორმა ლი დიქსონმა, რეპორტაჟის მიმდინარეობისას ასეთი რამ განაცხადა:“მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ნაკრების გულშემატკივრების ასეთი დომინაცია არასდროს მინახავს. ყველაფერი, რაც აქ ხდება, საოცრებაა“!

მენდის უნიკალური ბუცები

ხუთშაბათს „მანჩესტერ სიტის“ განაპირა მცველმა „ადიდასისგან“ საჩუქრად სპეციალურად მისთვის დამზადებული ბუცები მიიღო. ფრანგმა ფეხბურთელმა მათი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაპირისპირების წინ გამართულ ვარჯიშზეც ჩაიცვა. სამწუხაროდ მენდიმ მატჩში მათი მორგება ვერ მოახერხა და შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები