Aa
Aa

ხორვატიამ არგენტინა გაანადგურა! "ალბისელესტეს" ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება!

D ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა არგენტინასა და ხორვატიას შორის შედგა და ბალკანელების დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მატჩის პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ არგენტინას ძალიან გაუჭირდებოდა და ეს ასეც მოხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ხორხე სამპაოლიმ საფლავი გაითხარა. მის მიერ არჩეული სქემა 3-4-3 მცდარი გამოდგა და გუნდმა სრული კრახი განიცადა.

არგენტინა ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა. შემადგენლობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო.

ხორვატიამ "ალბისელესტე" ყველა ასპექტში დაჩაგრა. ანგარიში ვილი კაბალიეროს მიუტევებელი შეცდომით გაიხსნა და ამის შემდეგ არგენტინა მოიშალა.

მესი მთელი თამაშის განმავლობაში უბურთოდ იდგა. ასეთი მესი კი მეტოქისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

არგენტინელთა მარცხი ლუკა მოდრიჩის იდეალურმა დარტყმამ გააოფიციალურა. ბოლო წუთებში კი მარტივ მამრავლებად დაშლილი "ალბისელესტეს" კარში ივან რაკიტიჩმაც გაიტანა.

არგენტინა დღეიდან სხვის იმედად რჩება. თუ, ხვალ ისლანდია ნიგერიას დაამარცხებს, სამპაოლის გუნდის შანსები 1%-მდე დაეცემა.

დღეს მთელი არგენტინა ნიგერიას უქომაგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები