Aa
Aa

მბაპემ ტრეზეგეს რეკორდი დაამხო - ფრანგები გავიდნენ, პერუ ჯგუფში ჩარჩა

C ჯგუფის მე-2 ტურის მორიგ შეხვედრაში, საფრანგეთის ნაკრები პერუს დაუპირისპირდა და კილიან მბაპეს გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა, რითაც 1/8 ფინალში თამაში გაინაღდა, ხოლო პერუ ჯგუფში ჩარჩა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო და შეხვედრის პირველი რეალური სახიფათო მომენტი პერუელებმა შექმნეს. მათ ლიდერი, ხოსე პაოლო გერერო მცველს მოხდენილად დაუძვრა და გოლის გატანა აღარ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა და ფრანგები უგო ლორისმა გადაარჩინა.

მატჩის 34-ე წუთზე, ფრანგებმა სწრაფი შეტევა განავითარეს და დასარტყმელ პოზიციაზე ოლივიე ჟირუ გაიყვანეს, რომელსაც მცველმა დაუბლოკა, თუმცა ბურთი კარისკენ აიჭრა, მეკარე თამაშიდან გამოეთიშა და ცარიელ კართან კილიან მბაპე დარჩა.

 

"მამლების" თინეიჯერმა შემტევმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე იოლი გოლი გაიტანა, ეს ბურთი კი მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან დავიდ ტრეზეგეს რეკორდი დაამხო. მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შეაგდო - იგი 19 წლისა და 183 დღისაა, ტრეზეგე კი გოლის მომენტში 20 წლისა და 246 დღის იყო. 

ამასთანავე, მბაპე 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაბადებული პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა.

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, "მამლებმა" ინიციატივა დათმეს და ბურთი პერუს დაუთმეს, რომელიც ბევრს ცდილობდა, თუმცა მეტოქის ძლიერი დაცვის ხაზის გარღვევა ძალიან უჭირდა.

სამხრეთ ამერიკელებმა იბრძოლეს და ცდა არ დააკლეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი წაერთვათ. არადა, პერუს ნაკრები მუნდიალზე 36 წლის შემდეგ პირველად თამაშობს.

საფრანგეთმა 6 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს. საამისოდ, "სამფეროვნებმა" ბოლო ტურში დანიასთან არ უნდა წააგონ.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, კილიან მბაპე დასახელდა, რომელიც დეშამმა მეორე ტაიმში შეცვალა. კარგი თამაში ჰქონდა უგო ლორისს, რომელიც იუბილარი გახლდათ და ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრას ატარებდა.

საფრანგეთი ბოლო ტურში დანიას ეთამაშება, უმოტივაციო პერუ კი ავსტრალიას შეხვდება, რომელსაც 1/8 ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ამისთვის საჭიროა, რომ ფრანგებმა დანიას მოუგონ, ხოლო თავად "ოზებმა" პერუს ყველა ვარიანტში უნდა აჯობონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები