Aa
Aa

ერიქსენის ლამაზი გასროლა და დანია გალიდერდა, ავსტრალიამ კი შანსი შეინარჩუნა...

C ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში, დანია ავსტრალიას დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა. მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და შინაარსიდან გამომდინარე, ფრე საკმაოდ ლოგიკური შედეგი იყო.

თამაში სკანდინავიელთა უპირატესობით დაიწყო და გოლის გატანაც მალევე შეძლეს. მე-7 წუთზე, მათ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ნიკოლაი იორგენსენმა ერიქსენი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც შედეგიანად გასიროლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

 

აღსანიშნავია, რომ ერიქსენი ნაკრების ბოლო დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან უკანასკნელ 20 მატჩში 17 ბურთი შეაგდო. არადა, იქამდე ჩატარებულ 60 თამაშში მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა გატანილი.

დაწინაურების შემდეგ, დანიელებმა ინიციატივა შედარებით დათმეს და ავსტრალიას შეტევების შანსი მიეცა. ბერტ ვან მარვიიკის გუნდი უკბილოდ უტევდა, თუმცა "ოზებს" 37-ე წუთზე გაუმართლათ, როცა პოულსენს ბურთი ხელში მოხვდა და ვიდეო გამეორების შემდეგ, მსაჯმა პენალტისკენ მიუთითა.

თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან, ავსტრალიელთა კაპიტანი და შტატიანი პენალტისტი, მილე იედინაკი მივიდა. მან კასპერ შმეიხელის მოტყუება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა.

 

მართალია, თამაშის დასრულებამდე დიდი დრო რჩებოდა, თუმცა ბევრი აღარაფერი მომხდარა და რამდენიმე ნახევარმომენტს თუ არ ჩავთვლით, მოგების რეალური შანსი არცერთ გუნდს არ ჰქონია.

შედეგად, დანიამ 4 ქულა მოაგროვა და ჯგუფს მინიმუმ იქამდე ულიდერებს, სანამ საფრანგეთი პერუს წინააღმდეგ არ ითამაშებს. ავსტრალიის ნაკრებმა პირველი ქულა აიღო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბოლო ტურში, დანია საფრანგეთს შეხვდება, ავსტრალიის ნაკრები კი პერუს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები