ყენია 21-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - 27 წლის ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა
Aa
Aa

ყენია 21-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - 27 წლის ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან ყენია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. crystalsport-ის ცნობით ''შალკეს'' ყოფილი ნახევარმცველი 22 ივნისს ფოთის ''კოლხეთის'' წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში მოხვდება. 27 წლის ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა.

ეროვნულ ლიგაში 15 ტურის შემდეგ ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილი თბილისის ''ლოკომოტივი'' 15 ქულით მე-7 ადგილზეა. ''ლოკომ'' უკანასკნელი 4 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულდა და ერთ შეხვედრაში დამარცხდა. თბილისური კლუბი ''კოლხეთს'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე უმასპინძლებს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

ყენიამ 2017 წლის მაისში ''ლოკოსთან'' წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ''სლავიაში'' მიღებული ბარძაყის ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი საკმაოდ გრძელვადიანი გამოდგა.

ბოლო ოფიციალური მატჩი 

2016 წლის 18 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი ოფში პრაღის ''სლავიას'' მაისურით ლევან ყენიამ ბრიუსელის ''ანდერლეხტის'' წინააღმდეგ იასპარეზა. მას შემდეგ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. ტრავმის გამო 2016 წელს დატოვა ჩეხური გუნდი და 2017 წელს თბილისის ''ლოკომოტივს'' დაუბრუნდა. 2008 წლის იანვარში სწორედ ''ლოკომოტივიდან'' გადავიდა გერმანულ ''შალკეში.''

2008-14 წლებში ''შალკეს'' შემადგენლობაში ლევან ყენიამ ტრავმების გამო ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, 2012 წელს კი გელზენკირხენული გუნდიდან წავიდა და ლვოვის ''კარპატის'' მოთამაშე გახდა, უკრაინულ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა და მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის ''ფორტუნას'' მაისური მოირგო. 2014 წლიდან პრაღის ''სლავიასთვის'' თამაშობდა.

ფოტო:  fcloco.ge, kicker.de

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები