Aa
Aa

ურუგვაი გავიდა და რუსეთიც გაიყვანა - პირველადგილოსანი ბოლო ტურში გაირკვევა

მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის 2 ტურის შედეგად, ტურნირის პირველი 2 მერვედფინალისტი შევიტყვეთ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთს 6 ქულა ჰქონდა, იგი შემდეგ ეტაპზე გასული ჯერ კიდევ არ იყო. აი ურუგვაის მიერ საუდის არაბეთის დამარცხების შემდეგ, როგორც ურუგვაელებმა, ასევე რუსებმა, 1/8 ფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდეს.

სამხრეთ ამერიკელებმა მძიმე თამაში აჩვენეს, თუმცა მეტოქისთვის შანსი არ მიუციათ და ლუის სუარესის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს. "ელ პისტოლერომ" 23-ე წუთზე, სანჩესის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

 

სუარესი პირველი ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა 3 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო - 2010; 2014 და 2018.

თამაშის განმავლობაში ბურთს ძირითადად არაბები ფლობდნენ, ურუგვაი კი ფონს გასვლას სწრაფი შეტევებით ცდილობდა. ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, აზიელებმა მთელ შეხვედრაში 1 რეალური მომენტიც ვერ შექმნეს და ფერნანდო მუსლერა ფაქტობრივად უსაქმოდ იყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მუსლერას მიღწევა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-13 შეხვედრა ჩაატარა და თანამემამულეთა შორის, ლადისლაო მაზურკიევიჩის რეკორდს გაუთანაბრდა.

მატჩის შედეგის მიხედვით, ურუგვაის ნაკრებმა 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა და ამასთანავე, შემდეგ ეტაპზე რუსეთის ნაკრებიც გავიდა - ეგვიპტე და საუდის არაბეთს კი უქულოდ არიან.

ბოლო ტურში, რუსეთი სწორედ ურუგვაის შეხვდება და მასპინძლებს პირველი ადგილისთვის ქულაც დააკმაყოფილებთ. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მე-2 ადგილოსანს დაუპირისპირდება, მე-2 ადგილოსანი კი - B ჯგუფის გამარჯვებულს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები