ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ''საბურთალოში'' ვარჯიშობენ
Aa
Aa

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ''საბურთალოში'' ვარჯიშობენ

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში ომარ მიგინეიშვილი და ბუბა დაუშვილი ვარჯიშობენ. crystalsport-ის ცნობით ამ ეტაპზე გარკვეული არაა მათი მომავალი. შესაძლოა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშეებმა თბილისური გუნდის მაისური მოირგონ.

მიმდინარე წელს ბუბა დაუშვილი უნგრეთიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა. ''სამტრედიაში'' გადასვლის შემდეგ ვლადიმირ ვაისს ეროვნულ ნაკრებში არ მიუწვევია. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მიგინეიშვილმა და დაუშვილმა იმერული კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვეს.

დავით თარგამაძე ''საბურთალოში'' გადასვლასთან ახლოსაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თბილისურ გუნდში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და შემდეგ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. დავით თარგამაძეს 2016 წლის 12 მარტის შემდეგ არ უთამაშია. მას ბოლო ორ წელში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

28 წლის ფეხბურთელი გერმანულ ''ფრაიბურგში,'' უკრაინულ ''ოლექსანდრიასა'' და ''მარიუპოლში'' ასპარეზობდა. გარდა ამისა დონეცკის ''შახტარის'' კუთვნილება იყო, თუმცა ლუჩესკუს გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

''საბურთალოს'' მთავარ მწვრთნელს ხსენებულ სამ ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

''საბურთალოსთან'' დაკავშირებით ასევე გაცნობებთ, რომ კლუბი ვლადიმერ მამუჩაშვილმა დატოვა. 20 წლის ნახევარმცველი კარიერას ბათუმის ''დინამოში'' გააგრძელებს, რომელსაც გია გეგუჩაძე წვრთნის. მამუჩაშვილი გეგუჩაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები