9 ფეხბურთელი, რომელიც კლუბზე გაცილებით უკეთ ნაკრებში თამაშობდა
Aa
Aa

9 ფეხბურთელი, რომელიც კლუბზე გაცილებით უკეთ ნაკრებში თამაშობდა

ლუკაშ პოდოლსკი

პოდოლსკი „კიოლნის“ ლეგენდაა! ლუკაშმა„ბაიერნსა“ და „არსენალში“ საკმაოდ წარმატებული დრო გაატარა, თუმცა ნამდვილად რთულია პოდოლსკის მისი საკლუბო კარიერიდან გამომდინარე გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდო, ამას საკლუბო სტატისტიკაც მოწმობს, მაგრამ ფაქტია, რომ პოდოლსკი „ბუნდესმანშაფტის“ ლეგენდაა. გერმანიის ნაკრებში ლუკაშს 130 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით ლოთარ მათეუსის და მიროსლავ კლოზეს შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. პოდოლსკი 49 გოლით ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაშიც მესამეა და მხოლოდ კლოზესა და მიულერს ჩამორჩება. ლუკაში ლიოვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და მისი გასახდელში ყოფნა გუნდის განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ედუარდო ვარგასი

ვარგასმა ერთხელ თქვა:“წარმოდგენა არ მაქვს ეროვნულ გუნდში ასე კარგად რატომ ვთამაშობ“.

ჩილეში ედუარდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. თავდამსხმელი 2015 და 2016 წლების „კოპა ამერიკის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ჩილეს ისტორიულ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვარგასმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც მშვენივრად ჩაატარა და ესპანეთის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ედუარდომ 82 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 35-ჯერ აიღო. სამწუხაროდ ჩილელ შემტევს საკლუბო კარიერაში არ გაუმართლა და „ნაპოლიში“, „ვალენსიაში“, „ქპრში“ და „ჰოფენჰაიმში“ საშინლად იასპარეზა. დღესდღეობით ვარგასი „ტიგრესის" ღირსებას იცავს და დიდი ალბათობით ევროპაში დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

მაურისიო ისლა

რთულია სიაში მეორე ჩილელი ფეხბურთელის, მაურისიო ისლას, სახელი არ ახსენო. „უდინეზეში“ ყოფნისას იგი თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და მისი ტალანტი ეროვნულ გუნდშიც მშვენივრად გამოჩნდა. ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში ისლამ 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და ვარგასის მსგავსად „კოპა ამერიკის“ ზედიზედ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ისლას საკლუბო კარიერამ დაღმასვლა „უდინეზეს“ დატოვების შემდეგ დაიწყო, მაურისიო „იუვეს“ სათადარიგო სკამზე იჯდა, „ქპრ“-სთან ერთად უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა და პოპულარული არც „მარსელში“ ყოფილა. ახლა ისლა „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს.

ანგელოს ხარისტეასი

ანგელოს ხარისტეასი ბერძნული სანაკრებო ფეხბურთის ლეგენდაა. მან 2004 წლის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე კი ჯერ ესპანეთის, ხოლო მეოთხედფინალში საფრანგეთის გულშემატკივრები დაამწუხრა. ხარისტეასს საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში 25 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანგელოსმა 25-დან ამხანაგურებში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ხარისტეასი ნაკრებში მუდამ შესანიშნავად გამოიყურებოდა, რასაც მის საკლუბო კარიერაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. საუკეთესო სეზონში მან „ვერდერის“ რიგებში 9! გოლი გაიტანა და სიტუაცია არც „აიაქსში“, „ფეინოორდში“, „ლევერკუზენში“, „შალკეში“ და „ავინონში“ შეცვლილა.

ალიოშა ასანოვიჩი

ასანოვიჩის სიდიადე და საფეხბურთო სიძლიერი ყველა ხორვატ გულშემატკივარს ახსოვს. 1990-იან წლებში ელეგანტური ნახევარმცველი ხორვატიის ნაკრების სული და გული იყო, მას მოედნის საოცარი ხედვა ჰქონდა და ევრო 96-ზე და 1998 წლის მუნდიალზე მიღწეული წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ.

ზვონიმირ ბობანის, დავორ შუკერის და რობერტ იარნის დონის ფეხბურთელების გვერდით ხსენებას დამსახურება უნდა, თუმცა ხორვატიის გარეთ ასანოვიჩის შესახებ ბევრმა ნამდვილად არ იცის. მისი საკლუბო კარიერა „მონპელიეთი“, „დერბით“, „ნაპოლით“ და „პანათინაიკოსით“ შემოიფარგლება. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მას საკუთრი ტალანტი არცერთ კლუბში დაუმტკიცებია.

ფაბიო გროსო

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, გერმანიის წინააღმდეგ, 119-ე წუთზე გატანილი გოლის ფაბიო გროსოსეული აღნიშვნა ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ. ლემანის კარის დალაშქვრიდან 5 დღის შემდეგ, გროსომ საფრანგეთს გადამწყვეტი პენალტი გაუტანა და „სკუადრა აძურას“ ჩემპიონობა მოაპოვებინა.

28 წლის გროსომ ტურნირი საოცრად ჩაატარა და იტალიის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. უცნაურია, მაგრამ ფაბიოს საკლუბი კარიერა არც თუ ისე წარმატებული გამოვიდა. 23 წლამდე იგი მეორე დივიზიონის კლუბებში ასპარეზობდა, შემდეგ კი ნაკლებად ცნობილ „პერუჯაში“ და „პალერმოში“ წავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი „ინტერში“ გადავიდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და არც „იუვესა“ და „ლიონში“ გაუმართლა. მიუხედავად ამისა გროსო სანაკრებო დონეზე მშვენივრად ასპარეზობდა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ანდერს სვენსონი

ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც შვედეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული? შვედების გარდა ალბათ ყველა ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაასახელებს, თუმცა ნაკლებად ცნობილმა სვენსონმა სკანდინავილების რიგებში 148! მატჩი გამართა. მაღალი საფეხბურთო აზროვნების და მებრძოლი ხასიათის მქონე ნახევარმცველმა 21 გოლი გაიტანა, რომელთა შორის 2002 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შესრულებული ფენომენალური ჯარიმაც მოხვდა.

სვენსონმა შვედეთის ნაკრების მაისური ორ მუნდიალზე და სამ ევროპის ჩემპიონატზე მოირგო. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატშიც ასპარეზობდა, თუმცა „საუთჰემპტონში“ იმედები ვერ გაამართლა და კარიერის დარჩენილი ნაწილი „ელფსბორგში“ გაატარა.

ასამოა გიანი

განელი გულშემატკივრებისთვის ასამოა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გიანმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 106 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. მიუხედავად ურუგვაისთან მეოთხედფინალში გაფუჭებული პენალტისა იგი მშობლიურ ქვეყანაში დღემდე ძალიან უყვართ.

ასამოამ 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის და პორტუგალიის კარი აიღო, თუმცა განამ ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა. ასამოა „უდინეზეში“, „რენში“ და „სანდერლენდში“ თამაშობდა, შემდეგ კი კარიერის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და ჩინეთში გაატარა.

სერხიო რომერო

2013 წლიდან რომერო სათადარიგო სკამის მეკარეა, იგი ჯერ „მონაკოს“, შემდეგ „სამპდორიის“ და ახლა „მანჩესტერის“ ძირითადი გოლკიპერის შემცვლელია. მიუხედავად ამისა მან „ალბისელესტესთან“ ერთად სამი ფინალი ითამაშა( ორი კოპა ამერიკა, ერთი მუნდიალი) და მიუხედავად 360 წუთში გაშვებული ერთი გოლისა სამივეში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები