ოქრიაშვილმა ვარჯიში დაიწყო - 26 წლის ფეხბურთელი მოედანს უბრუნდება
Aa
Aa

ოქრიაშვილმა ვარჯიში დაიწყო - 26 წლის ფეხბურთელი მოედანს უბრუნდება

საფეხბურთო კლუბმა ''კრასნოდარმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. რუსული კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

რუსული მედიის ცნობით 26 წლის ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 19 ივნისს პირველად ივარჯიშა. უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი მყესები ორჯერ დაუზიანდა, რის გამოც დიდი ხნით იძულებითი პაუზა აიღო.

2016-17 წლების სეზონი

2017 წელს რუსეთის პრემიერ ლიგის  მე-19 ტურში, სტუმრად მოსკოვის "ლოკომოტივთან" მოგებულ მატჩში, ოქრიაშვილი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა, მაგრამ 89-ე წუთზე მეტოქესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, რის გამოც 6 თვე გაუცდა.

2017-18 წლების სეზონი

ფეხბურთელი მოედანს 16 სექტემბერს ''ანჟისთან'' მატჩში გოლით დაუბრუნდა, თუმცა კვლავ დაშავდა, 29 სექტემბერს ''არსენალთან'' შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ  ტრავმა მიიღო და მოედანი 9 წუთში, მე-80 წუთზე დატოვა.  2017 წლის 29 სექტემბერს მიღებული ტრავმის გამო ოქრიაშვილს მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდა.

2016 წლიდან ოქრიაშვილი ''კრასნოდარის'' ფეხბურთელია. 26 წლის შემტევმა რუსული კლუბის მაისურით 17 მატჩში 2 გოლი შეაგდო. მას ასევე უთამაშია 'გაგრაში,'' დონეცკის ''შახტარის'' სარეზერვო გუნდში, ოდესის ''ჩერნომორეცში,'' ''მარიუპოლში,'' ბელგიურ ''გენკსა'' და თურქულ ''ესქიშეჰირში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები