Aa
Aa

ნეიმარმა ვარჯიში შეწყვიტა - ბრაზილიელთა ვარსკვლავი ტკივილმა შეაწუხა

ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა დღეს, 19 ივნისს ვარჯიში გამართა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ნეიმარმა თავდაპირველად ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მოედანი ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა. პსჟ-ს ფორვარდი მარჯვენა ფეხის კოჭმა შეაწუხა. მან ტკივილის გამო მოედნიდან გასვლა გადაწყვიტა.

ნეიმარს სამშაბათს და ოთხშაბათს თერაპია ჩაუტარდება. სავარაუდოდ ბრაზილიელთა მთავარი იმედი ოთხშაბათს ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნული განაცხადება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმა გააკეთა. ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით ნეიმარი შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ბრაზილიისა და შვეიცარიის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ნეიმარის წინააღმდეგ 10-ჯერ დაირღვა თამაშის წესი. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი დარღვევა ნეიმარის წინააღმდეგ თამაშისას დაფიქსირდა. 1998 წელს ინგლისისა და ტუნისის შეხვედრაში ალან შირერის წინააღმდეგ 11-ჯერ დაფიქსირდა თამაშის წესის დარღვევა. 

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიისთვის და ამასთანვე ნეიმარისთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა.

„საშინელი გრძნობა იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრესი მატჩი გამოვტოვე. ტიტულის მოგება ძალიან მინდოდა, თუმცა ვერც მოვიგე და არც წამიგია. მსოფლიო ჩემპიონატი ვერ დავასრულე. ტრავმის გამო სერიოზული პრობლემები მქონდა. ვტიროდი და ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ მოხდა ასეთი რაღაც.

თუმცა საბოლოოდ ხვდები, რომ ეს ცხოვრებაა და შენ წინსვლა უნდა განაგრძო, გაძლიერდე. ეს ყველაფერი გეხმარება იმაში, რო გახდე უკეთესი მომავალში.

ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიისთვის უდიდესი გამოწვევა იქნება. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თასი ავწიო“ - აღნიშნა ნეიმარმა FIFA.com-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო პსჟ-ს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი გამოტოვა.

პირველი ტურის შემდეგ F ჯგუფს 3 ქულით სერბეთი ლიდერობს. ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს კოსტა-რიკის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები