Aa
Aa

მორიგი ავტოგოლი და ნიანგის ბრწყინვალე სპრინტი - აფრიკელთა პირველი გამარჯვება მუნდიალზე

H ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაში, სენეგალის ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და იაპონიასთან ერთად, ქვეჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

აფრიკელებმა მატჩი საკმაოდ დისციპლინირებულად და ორგანიზებულად ჩაატარეს და პოლონელთა ლიდერები სრულ ჩრდილში მოაქციეს. არკადიუშ მილიკი და რობერტ ლევანდოვსკი ბურთს იშვიათად იღებდნენ, ნახევარდაცვაში კი გრეგორც კრიხოვიაკი თავის თამაშს ვერ აჩვენებდა.

ევროპელებმა თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მომენტები შექმნეს და იმის მიუხედავად, რომ ციდან ვარსკვლავებს არც სენეგალელთა შეტევის ხაზი წყვეტდა, გუნდმა შანსები გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის 37-ე წუთზე, აფრიკელებმა სწრაფი შეტევა დაიწყეს და დასარტყმელ პოზიციაზე გეიე გაიყვანეს. "ევერტონის" ნახევარმცველმა ცუდად დაარტყა, თუმცა ბურთი პოლონელთა მცველს, ტიაგო ციონეკს მოხვდა და რიკოეშეტის შემდეგ, ვოიცეხ შესნიმ გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

 

გოლის შემდეგ, პოლონელებმა გამოფხიზლება ვერ მოახერხეს და აშკარა იყო, რომ თამაშის სცენარს ისევ სენეგალი აკონტროლებდა. 

ნ'დიაიეს კართან საგოლე მომენტი არ თითქმის გვინახავს, ერთადერთი რისი გახსენებაც შეიძლება, ლევანდოვსკის ჯარიმაა. "ბაიერნის" თავდამსხმელმა ზუსტი, თუმცა სუსტი დარტყმა შეასრულა და მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.

მე-60 წუთზე, პოლონელებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს. მცველებმა და მეკარემ შეუთანხმებლად ითამაშეს, მბაიე ნიანგმა ყველას დაასწრი და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.

 

თამაშის შინაარსი და მიმდინარეობა არც ამის შემდეგ შეცვლილა. პოლონელები ძალიან უკბილოდ უტევდნენ, რაც მეტოქეს მათი შეტევების მოგერიებას უადვილებდა.

ევროპელებმა ერთი ბურთი 86-ე წუთზე გაქვითეს, როცა გროსიცკის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, გრეგორც კრიხოვიაკმა ლამაზი თავური დარტყმა შეასრულა და თითქოს ინტრიგა დააბრუნა...

 

დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა და სენეგალს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, მბაიე ნიანგი დასახელდა, რომელმაც პირველი გოლისას შეტევა დაიწყო, მეორე კი თავად გაიტანა.

შედეგად, ალიოუ სისეს ბიჭებმა 3 ქულა მოაგროვეს და შემდეგ ტურში, ასევე 3 ქულიან იაპონიას შეხვდებიან, პოლონეთი და კოლუმბია კი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები