Aa
Aa

პირველი გაძევება, ნაკლები სანახაობა და გამარჯვებული იაპონია...

H ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, კოლუმბიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. აზიელებს ცოტა გაუმართლათ კიდეც, რადგან მატჩის მე-3 წუთზე, კოლუმბიელთა კარში დანიშნულ პენალტს, მათი ნახევარმცველის, კარლოს სანჩესის გაძევება მოჰყვა.

მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გაძევებული ფეხბურთელი სწორედ სანჩესია. წინა 14 თამაშში, მსაჯებმა საკმაოდ ბევრი ყვითელი ბარათი გამოიყენეს, თუმცა ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებული არ ჰყავდათ და პირველი წითელი ბარათი, გამოცდილმა სლოვენიელმა რეფერიმ, დამირ სკომინამ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, სანჩესის გაძევება, რიგით მე-2 ყველაზე სწრაფი გაძევებაა. 1986 წლის მუნდიალზე, ურუგვაელი, სერხიო ბატისტა, მოედნიდან პირველსავე წუთზე მიაბრძანეს.

თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან, იაპონელთა ერთ-ერთი ლიდერი, შინჯი კაგავა მივიდა. მან მეკარის მოტყუება შეძლო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 

 

მე-13 წუთზე, რადამელ ფალკაოს მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი პირველი გოლის გატანა შეეძლო. კოლუმბიელთა კაპიტანს საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი გოლად გარდასახვა ვერ მოახერხა.

უმცირესობის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკელები მცირე ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, იაპონია კი პერიოდულად საკმაოდ მწვავე შეტევებს გვთავაზობდა.

თანდაღან აზიელებმა თამაში გაათანაბრეს, ბურთი მოიპოვეს და სიტუაციის გაკონტროლებაზე ზრუნვა დაიწყეს. სწორედ ამ დროს, კოლუმბიელთა სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა, რომელიც კინტერომ შესანიშნავად შეასრულა. 

კოლუმბიელთა შემტევმა დაბალი დარტყმა შეასრულა, მეკარე კავაშიმა სიტუაციაში მალევე გაერკვა, თუმცა დარტყმა იმდენად ტექნიკური და ეშმაკური იყო, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რაც ტექნოლოგიას არ გამორჩენია და მსაჯმა ხელი ცენტრის ნიშნულისკენ გაიშვირა.

 

მეორე ნახევარში იაპონია ბურთს მთლიანად დაეპატრონა და მასზე მეტოქეს თითქმის აღარ აკარებდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აზიელები მომენტს მომენზე ქმნიდნენ. რამდენიმე კარგი შანსი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, იერიშებს ფანტაზია აკლდა. 

გადამწყვეტი მომენტი 73-ე წუთზე დადგა, როცა ჰონდას კუთხურის შემდეგ, აუღებელი თავური დარტყმა ოსაკომ შეასრულა. 

 

მცდელობების მიუხედავად, კოლუმბიელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულეს. იაპონიამ კი უმნიშვნელოვანესი ქულები აიღო და ჯგუფიდან გასასვლელად ყველა ვარიანტში იბრძოლებს.

აზიელები მომდევნო ტურში სენეგალს შეხვდებიან, კოლუმბიის მოწინააღმდეგე კი პოლონეთის უპირველესი გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები