''მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ''შერიფი'' დავამარცხოთ'' - ''ტორპედოს'' მწვრთნელის კომენტარი
Aa
Aa

''მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ''შერიფი'' დავამარცხოთ'' - ''ტორპედოს'' მწვრთნელის კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედოს'' მეტოქე მოლდოვური ''შერიფი'' იქნება, რომელმაც გასულ სეზონში მოლდოვის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ''ტორპედომ'' 2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

"სავარაუდო მეტოქეებიდან, მხოლოდ "ნიუ საინთსი" იყო სხვა კლუბებთან შედარებით სუსტი, დანარჩენები კი ძლიერები იყვნენ.

"შერიფი" საკმაოდ ძლიერი გუნდია. შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი იყვნენ და ჯგუფში, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივი" და "კოპენჰაგენი" არიან, 9 ქულა დააგროვეს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა.

მოძიებული ინფორმაციით, ამ გუნდში 15 ლეგიონერია, ჩემპიონატში კი ახლა პირველ ადგილზე არიან... ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება. პირველი თამაში ქუთაისშია და ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ.

იგეგმება გუნდის გაძლიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა ფეხბურთელების დამატება. მატჩამდე მცირე დროა და არის პოზიციები, სადაც გაძლიერება აუცილებელია და ვეცდებით ამას. რა თქმა უნდა, იმ ფეხბურთელების დიდი იმედიც მაქვს, ვინც გუნდში არიან.

ევროტურნირებზე მხოლოდ ქუთაისს არ წარვადგენთ, იქ ქვეყნის სახე ვართ და ვალდებულები ვართ, ჩვენს თამაშში ქართული გული და სული იგრძნობოდეს. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ'' - განაცხადა კახა ჩხეტიანმა ''ტორპედოს'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

გასულ სეზონში ''შერიფი'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა ''კოპენჰაგენთან,'' მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' და ''ზლინთან'' ერთად. აღსანიშნავია, რომ მოლდოვურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი თამაში სტუმრად კოპენჰაგენში დათმო. იტალიელი რობერტო ბორდინის ხელმძღვანელობით ''შერიფმა'' 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 9 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გასულმა ''კოპენჰაგენმაც'' 9 ქულა დააგროვა, თუმცა ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე 1/16 ფინალში დანიის ჩემპიონი გავიდა.

პირველი შეხვედრები 10/11 ივლისს გაიმართება. ქუთაისის ''ტორპედო'' პირველ მატჩს შინ გამართავს. საპასუხო შეხვედრა 17/18 ივლისს შედგება.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები