''ქართველები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ'' - ''შერიფის'' მწვრთნელი კენჭისყრით კმაყოფილია
Aa
Aa

''ქართველები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ'' - ''შერიფის'' მწვრთნელი კენჭისყრით კმაყოფილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედოს'' მეტოქე მოლდოვური ''შერიფი'' იქნება, რომელმაც გასულ სეზონში მოლდოვის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

მიმდინარე თვეში ''შერიფის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორვატი გორან საბლიჩი დაინიშნა, რომელიც ''სპლიტსა'' და ბოსნიურ ''შიროკი ბრიეგს'' წვრთნიდა.

''კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. სავარაუდო მეტოქეებიდან ყველა გუნდი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა და არც ''ტორპედოა'' გამონაკლისი. მოწინააღმდეგე სწრაფად უნდა შევისწავლოთ. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

ფეხბურთელის ამპლუაში ''ტორპედოს'' წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მაგრამ ვიცი რომ ქართველები უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, რადგან ზოგჯერ ფეხბურთში მეტოქის დაუფასებლობა უარყოფითად მოქმედებს. 

მნიშვნელობა არ აქვს სად ჩავატარებთ პირველ მატჩს. მთავარია კარგად მოვემზადოთ და მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ'' - აღნიშნა გორან საბლიჩმა moldfootball-თან საუბარში.

გასულ სეზონში ''შერიფი'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა ''კოპენჰაგენთან,'' მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' და ''ზლინთან'' ერთად. აღსანიშნავია, რომ მოლდოვურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი თამაში სტუმრად კოპენჰაგენში დათმო. იტალიელი რობერტო ბორდინის ხელმძღვანელობით ''შერიფმა'' 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 9 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გასულმა ''კოპენჰაგენმაც'' 9 ქულა დააგროვა, თუმცა ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე 1/16 ფინალში დანიის ჩემპიონი გავიდა.

პირველი შეხვედრები 10/11 ივლისს გაიმართება. ქუთაისის ''ტორპედო'' პირველ მატჩს შინ გამართავს. საპასუხო შეხვედრა 17/18 ივლისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები