ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ტორპედოს'' მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ტორპედოს'' მეტოქე ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედოს'' მეტოქე მოლდოვური ''შერიფი'' იქნება, რომელმაც გასულ სეზონში მოლდოვის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ''ტორპედომ'' 2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრები 10/11 ივლისს გაიმართება. ქუთაისის ''ტორპედო'' პირველ მატჩს შინ გამართავს. საპასუხო შეხვედრა 17/18 ივლისს შედგება.

 ''შერიფის'' გარდა საქართველოს ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები იყვნენ: ''ყარაბაღი'' (აზერბაიჯანი), ''აპოელი'' (კვიპროსი), ''ნიუ საინთსი'' (უელსი), ''ვიდეოტონი'' (უნგრეთი).

2018-19 წლების სეზონში უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ახალ წესს დანერგავს, რომლის მიხედვით ყველა ჩემპიონი გუნდი მეორე შანსს მიიღებს და ევროპა ლიგაზე გადაერთვება. ასე რომ თუ ''ტორპედო'' დამარცხდა, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

გასულ სეზონში ''შერიფი'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა ''კოპენჰაგენთან,'' მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' და ''ზლინთან'' ერთად. აღსანიშნავია, რომ მოლდოვურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი თამაში სტუმრად კოპენჰაგენში დათმო. იტალიელი რობერტო ბორდინის ხელმძღვანელობით ''შერიფმა'' 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 9 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გასულმა ''კოპენჰაგენმაც'' 9 ქულა დააგროვა, თუმცა ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე 1/16 ფინალში დანიის ჩემპიონი გავიდა.

მიმდინარე თვეში ''შერიფის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორვატი გორან საბლიჩი დაინიშნა, რომელიც ''სპლიტსა'' და ბოსნიურ ''შიროკი ბრიეგს'' წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები