ბრიტანული მედია: ტრანსფერი არ შედგა - კვერკველია ''ლესტერში'' არ გადავა
Aa
Aa

ბრიტანული მედია: ტრანსფერი არ შედგა - კვერკველია ''ლესტერში'' არ გადავა

საფეხბურთო კლუბ მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია ''ლესტერში'' არ გადავა. ბრიტანული მედიის ცნობით ''ლესტერსა'' და რუსეთის ჩემპიონს შორის მოლაპარაკება შეწყდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 1TV-სთან საუბარში განაცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და როგორც leicestermercury იუწყება ტრანსფერი ჩაიშალა.

კვერკველიას ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ''ლესტერი'' ალექსანდარ დრაგოვიჩის შეძენაზე იზრუნებს, რომელიც ლევერკუზენის ''ბაიერის'' საკუთრებაა და 2017 წელს განათხოვრებით ''მელიებში'' თამაშობდა.

რუსული “იზვესტიას'' ცნობით ''ლესტერი'' მზადა იყო 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია შეეძინა, რომელიც 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა რუსეთის ჩემპიონს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ფეხბურთელი შემდეგ სეზონში ინგლისის პრემიერლიგის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

''რუბინში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ 2017 წელს იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში მიიწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა ინტერესი ინგლისური კლუბის მხრიდან.

''პორტსმუთის'' ყოფილი თანამფლობელი რომან დუბოვი ფიქრობდა, რომ ქართველის ტრანსფერი არარეალური იყო. მისი  თქმით მას შემდეგ რაც ''ლესტერმა'' მოსკოვის ცსკა-დან აჰმედ მუსა გადაიბირა და ნიგერიელმა პრემიერლიგაში სუსტად ითამაშა, ინგლისური კლუბი რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელს არ შეიძენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები