სინიშა მიხაილოვიჩი
Aa
Aa

სინიშა მიხაილოვიჩი "სპორტინგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა!

ლისაბონის "სპორტინგმა" და სინიშა მიხაილოვიჩმა, თანამშრომლობის შესახებ, ოფიციალურად დღეს გამოაცხადეს. სერბმა სპეციალისტმა პორტუგალიელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ლომების" თავკაცის პოსტზე, 49 წლის მიხაილოვიჩმა ჟორჟე ჟესუში ჩაანაცვლა და გუნდთან ერთად მომავალ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებას ეცდება. "სპორტინგი" ქვეყნის ჩემპიონობას 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ ვეღარ ახერხებს.

"სპორტინგში" ამჟამად არცთუ ჯანსაღი სიტუაციაა. მაისში, სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის ფანები ბაზაზე შეიჭრნენ და მწვრთნელებთან ერთად, რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტის შედეგად, სხვებთან ერთად, კლუბის ყოფილი თავკაცი, ჟორჟე ჟესუში და ჰოლანდიელი გოლეადორი, ბას დოსტიც დაშავდნენ. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ნაკერიც დაადეს.

სინიშა მიხაილოვიჩს თავისი სამწვრთნელო კარიერისას, "ბოლონია", "კატანია", "ფიორენტინა", "სამპდორია", "მილანი", "ტორინო" და სერბეთის ნაკრები გაუწვრთნია. იგი 2 წელზე მეტი არცერთ კლუბში არ დარჩენილა და ძნელი სათქმელია, "სპორტინგთან" გაფორმებული 3 წლიანი კონტრაქტი, რამდენად ბოლომდე იქნება ძალაში...

ნახსენები არეულობის გამო, გუნდის რამდენიმე ლიდერი წასვლას გეგმავს. მათ შორის, ძირითადი მეკარე რუი პატრისიო, რომელსაც "ვულვზი" ეპატიჟება და უნიჭიერესი შუახაზელი, ბრუნო ფერნანდეში. პატრისიოს შესახებ დაიწერა, რომ მან ინგლისელებთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები