Aa
Aa

ძალების ეკონომიით, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით - ბელგიამ მუნდიალი იოლი გამარჯვებით დაიწყო

G ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ბელგიის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტ პანამის გუნდს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბელგიელები მოედანზე სიტუაციას სრულად აკონტროლებდნენ და პერიოდულად მომატების ხარჯზე, მომენტებსაც ქმნიდნენ. ჩანდა ისიც, რომ რობერტო მარტინესის ბიჭები ძალებს ზოგავდნენ და ზედმეტად ძალების დახარჯვას ერიდებოდნენ.

პანამის ნაკრებისთვის მიმდინარე მუნდიალი და მისი თითოეული მატჩი ისტორიულია. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად თამაშობს და რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს.

ბელგიელები პირველ ტაიმში აქტიურად თამაშობდნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ გოლს უეჭველად იმსახურებდნენ.

პანამა თავს იცავდა და როცა საშუალება ეძლეოდა, მეტოქის ნახევარზე გადადიოდა. საბოლოოდ, გუნდმა საწყისი 45 წუთი არ წააგო და შესვენებაზე უგოლო ფრით გავიდა.

მეორე ნახევრის სტარტზე, დრის მერტენსმა ბელგიელები წინ გაიყვანა. "ნაპოლის" შემტევმა ლამაზი დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს საქმე ერთიორად გაუმარტივა, რაც მოვლენათა შემდგომ განვითარებაზეც აისახა. 

მერტენსი მე-6 ბელგიელი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 2 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.

 

"წითელი ეშმაკები" შეტევებს აგრძელებდნენ, თუმცა შედეგი 69-ე წუთამდე ვერ მიიღეს. 69-ე წუთზე, ფლანგზე ედენ აზარმა იაქტიურა, ბურთი დე ბრუინს გადააწოდა, რომელმაც გენიალური გადაცემა შეასრულა და იერიში გოლით რომელუ ლუკაკუმ დააგვირგვინა.

 

საბოლოო ანგარიში იმავე ლუკაკუმ დააფიქსირა, რომელმაც 6 წუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა. ბელგიელებმა სწრაფი შეტევა განავითარეს, აზარმა რამდენიმე მეტრი გაირბინა და ლუკაკუ მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, "მანჩესტერის" ცენტრფორვარდს კი პენედოსთვის ბურთის თავზე გადაგდება აღარ გასჭირვებია.

 

ბელგიის ნაკრები მომდევნო ტურში ტუნისს შეხვდება, პანამა კი ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები