კალინიჩმა მუნდიალი დატოვა - კონფლიქტი ხორვატიის ეროვნულ გუნდში
Aa
Aa

კალინიჩმა მუნდიალი დატოვა - კონფლიქტი ხორვატიის ეროვნულ გუნდში

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი მუნდიალიდან სამშობლოში გაემგზავრა. მიზეზი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ზლატკო დალიჩთან კონფლიქტია.

მუნდიალის პირველ ტურში ნიგერიასთან შეხვედრაში კალინიჩი სათადარიგოთა შორის მოხვდა. მთავარმა მწვრთნელმა კალინიჩი ზედიზედ მეოთხე მატჩში სასტარტო თერთმეტეულში არ დააყენა.

ნიგერიასთან მატჩის მიწურულს დალიჩმა ფეხბურთელს თამაშში ჩართვისკენ მიუთითა, თუმცა ''მილანის'' ფორვარდმა ზურგის ტრავმა მოიმიზეზა. შედეგად კალინიჩის ნაცვლად ნიგერიის წინააღმდეგ მარკო პიაცამ იასპარეზა.

24sata.hr-ის ცნობით სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა დალიჩის გადაწყვეტილება და მან კალინიჩი ნაკრებიდან მოკვეთა.

D ჯგუფში ხორვატიამ ნიგერიას 2:0 სძლია და 1/8-ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. არგენტინის ნაკრების წაფორხილებით ხორვატებმა ისარგებლეს და ჯგუფის ლიდერები გახდნენ. ზლატკო დალიჩის გუნდმა ნიგერიას კლასის ხარჯზე აჯობა.

ხორვატებმა პირველი ტაიმი ეტებოს ავტოგოლით მოიგეს. მეორე ნახევარში ლუკა მოდრიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თამაშს ინტრიგა მოუკლა.

ბალკანელებმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს და ნიგერიელთა დიდი მონდომების მიუხედავად შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. აქვე გეტყვით, რომ 21 ივნისს ხორვატია ჯგუფის მეორე შეხვედრას არგენტინის წინააღმდეგ გამართავს (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები