ჯერ მედისონი, შემდეგ კვერკველია!
Aa
Aa

ჯერ მედისონი, შემდეგ კვერკველია! "ლესტერი" ქართველ მცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ლესტერული მედია ქართველი ფეხბურთელის სოლომონ კვერკველიას შესახებ წერს. leicestermercury-ს ცნობით ინგლისური კლუბი თითქმის ერთი წელია კვერკველიას გადაბირებითაა დაინტერესებული და მოლაპარაკება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დაიწყო. მოსკოვის ''ლოკომოტივი'' თანახმაა მისაღები წინადადების შემთხვევაში კვერკველიას დაემშვიდობოს.

26 წლის ცენტრალური მცველის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. Skysports-ის ცნობით ''ლესტერმა'' 21 წლის ნახევარმცველ ჯეიმს მედისონთან შეთანხმებას მიაღწია.

გასულ სეზონში კვერკველია ''ლოკომოტივის'' ნამდვილი ლიდერი იყო. 14-წლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვურმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ''ლოკომოტივი'' შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სოლომონის ოცნება ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 1TV-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი აგენტი ინგლისურ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

''ინგლისური კლუბის მხრიდან რეალური ინტერესია და ჩემი ოცნება პრემიერლიგაში ასპარეზობაა'' - განაცხადა ფეხბურთელმა.

რუსული “იზვესტიას'' ცნობით ''ლესტერი'' მზადაა 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია შეიძინოს, რომელიც 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა რუსეთის ჩემპიონს.

''რუბინში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ 2017 წელს იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში მიიწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა ინტერესი ინგლისური კლუბის მხრიდან.

''პორტსმუთის'' ყოფილი თანამფლობელი რომან დუბოვი ფიქრობს, რომ ქართველის ტრანსფერი არარეალურია. მისი  თქმით მას შემდეგ რაც ''ლესტერმა'' მოსკოვის ცსკა-დან აჰმედ მუსა გადაიბირა და ნიგერიელმა პრემიერლიგაში სუსტად ითამაშა, ინგლისური კლუბი რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელს არ შეიძენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები