Aa
Aa

ფედერერმა კარიერის 98-ე ტიტული შტუტგარტში მოიგო

შტუგარტში გამართული Mercedes Cup-ის სახელწოდების 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა.

ფედერერმა გათამაშების მიმდინარეობისას მიშა ზვერევი, გუიდო პელა და ნიკ კირგიოსი დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი მილოშ რაონიჩს 2 სეტში, 6:4; 7:6 მოუგო და მორიგი ტიტული დაისაკუთრა.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა კარიერის 98-ე ტიტული მოიპოვა, უშუალოდ ბალახის საფარზე კი 18-ედ იმარჯვა. საინტერესოა, რომ 98-დან 65 ფინალი, ფედერერს სეტის წაუგებლად აქვს მოგებული.

თამაში საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის მე-3 გეიმში ფედერერმა მატჩის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, მეორე სეტი კი ტაიბრეიკზე, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად აიღო. "მაესტროს" ანგარიშზე 4 ეისი იყო, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია. მან პირველ მოწოდებაზე ქულების 86%, ხოლო მეორეზე 59% მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა შტუტგარტის ტურნირზე მესამედ ითამაშა და ჩემპიონობას პირველად მიაღწია, რისთვისაც 117 030 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა მიიღო. ფედერერი ორშაბათიდან მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოექცევა და პოზიციას რაფაელ ნადალს გაუცვლის. 

საგულისხმოა, რომ როჯერს მომავალ კვირაში ჰალეს ტურნირზე თამაში მოუწევს და იქ საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი, შემდეგ კი "უიმბლდონიც" დაიწყება, სადაც მას ასევე ტიტული აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები