Aa
Aa

ულამაზესი გოლი და ზღვა ემოციები - "ფროზინონე" სერია A-ში აღზევდა!

"ემპოლისა" და "პარმას" შემდეგ, სერია A-ს მომავალ სეზონში თამაშის უფლება "ფროზინონემ" მოიპოვა, რომელმაც ფლეი-ოფის გადამწყვეტ ეტაპზე, "პალერმოს" ორმატჩიანი დუელი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

გუნდებს შორის პალერმოში გამართული მატჩი, სიცილიელებმა 2:1 მოიგეს და მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში ფროზინონელებმა მიზანს მიაღწიეს და მაიელოსა და კიანოს გოლებით 2:0, ორრაუნდიან დაპირისპირებაში კი 3:2 იმარჯვეს და უმაღლესი ლიგის საგზური დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ "ფროზინონე" ზედა ლიგაში დაწინაურებასთან, რეგულარული სეზონის მეშვეობითაც ძალიან ახლოს იყო. გუნდმა ბოლო ტურში, "ფოჯას" წინააღმდეგ ქულები უკანასკნელ წუთებზე დაკარგა, რითაც სერია A-ში პირდაპირ აღზევების საშუალება "პარმას" მიეცა.

ლაციოს რეგიონის სიახლოვეს მდებარე ფროზინონეში, 2015-2017 წლებში, "სტადიო ბენიტო სტრიპეს" რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რასაც დაახლოებით 15 მილიონი ევრო მოხმარდა. ასე რომ, "ფროზინონე" სერია A-ში თავის მე-2 მოხვედრას, ახალი საშინაო არენით ხვდება, რომელიც 16 227 მაყურებელზეა გათვლილი.

სხვათაშორის, სერია B-ს გასული სეზონის უდიდესი დასწრება, სწორედ ახლადგახსნილ "ბენიტო სტრიპეზე" დაფიქსირდა და ეს "ფოჯასთან" ხსენებული მატჩისას მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, ტრიბუნებზე 16 286 გულშემატკივარი იმყოფებოდა.

"ფროზინონე" საკმაოდ ძველი იტალიური კლუბია. იგი 1912 წელს დაარსდა, თუმცა წლების მანძილზე დაბალ ლიგებში ასპარეზობდა. "ჯალოაძურიმ" სერია B-ში ჯამურად მხოლოდ 8 სეზონი გაატარა, სერია A-ში კი, ისტორიაში პირველად, 2015-16 წლების სეზონში აღზევდა, თუმცა ეგრევე დაქვეითდა, ახლა კი მეორე შანსია...

შეგახსენებთ, რომ სერია A, "კროტონემ", "ვერონამ" და "ბენევენტომ" დატოვეს, რომელთაც "ემპოლი", "პარმა" და "ფროზინონე" ჩაანაცვლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები