Aa
Aa

გაცუდებული პენალტი და არაერთი მომენტი - პრაგმატიზმმა და კლასმა დანიას 3 ქულა მოუტანა...

პერუს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 36 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მაყურებელს ლამაზი თამაშიც აჩუქა, თუმცა ქულის გარეშე დარჩა.

მისმა მეტოქემ, დანიის ნაკრებმა დაცვაში ორგანიზებულად ითამაშა, ცოტაც გაუმართლა და რაც მთავარია შანსი გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. 

შეხვედრის პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი შეიქმნა, ყველაზე საინტერესო მომენტი კი შესვენების წინ დადგა. პერუელთა შემტევი, კრისტიან კუევა საჯარიმოში წააქციეს, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა.

თერთმეტი მეტრიდან დარტყმის შესრულება იმავე კუევამ ითავა, თუმცა საშინლად დაარტყა და ბურთი კარს საკმაო მანძილით ააცილა.

 

გამოუყენებელ პენალტს, კუევას ცრემლები და სასტვენი მოჰყვა, რომლითაც გამბიელმა მსაჯმა, ფეხბურთელები გასახდელში გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალია-ესპანეთის გუშინდელი შეხვედრის ჩათვლით, მიმდინარე ტურნირზე მე-5 პენალტი დაინიშნა და ლიონელ მესის შემდეგ, კუევა მეორე ფეხბურთელია, რომელმაც თერთმეტი მეტრიდან ვერ გაიტანა.

თამაშის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა, როცა სამხრეთ ამერიკელებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ. კრისტიან ერიქსენმა ბურთი პოულსენს საჯარიმოში შეაყოლა, რომელმაც ახლო კუთხეში დაარტყა, მეკარემ კი კუთხის დაცვა ვერ შეძლო და ანგარიშიც გაიხსნა.

 

პერუელთა თავკაცმა, მოედანზე ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, ხოსე პაოლო გერერო გამოუშვა, რომელიც 34 გოლით, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

გერეროს გამოსვლამ შეტევებს მეტი სიმწვავე მისცა, აზრი მიეცა მაღალ ჩაწოდებებსაც და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას, მიუნხენის "ბაიერნის" სკოლის აღზრდილმა თავით დაარტყა, თუმცა კასპერ შმეიხელი ამ შემთხვევაშიც შეუვალი გახლდათ. საერთო ჯამში, დანიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ კასპერი იყო, რომელმაც 6 სეივი შეასრულა, მათგან 2-3 ურთულესი ბურთი აიღო.

მართალია, ბევრ სტატისტიკურ მონაცემში, ისევე როგორც უშუალოდ თამაშის მიხედვით, პერუმ მეტოქეზე მეტი მომენტი შექმნა და საკმაოდ სიმპათიური შთაბეჭდილებაც დატოვა, დანიელთა გამართულმა ტაქტიკურმა თამაშმა და პრაგმატიზმმა შედეგი გამოიღო და 3 ქულა სკანდინავიელებმა დაიტოვეს.

დანია მომდევნო მატჩში ავსტრალიას შეხვდება, პერუს მეტოქე კი საფრანგეთის ეროვნული გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები