Aa
Aa

პირველი დიდი სენსაცია მუნდიალზე! - მესიმ და კომპანიამ ისლანდიას ვერ მოუგეს

C ჯგუფის პირველ შეხვედრაში, არგენტინის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და მიმდინარე მუნდიალის პირველი ხმაურიანი სენსაცია დააფიქსირა.

მატჩის წინ, ისლანდიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ მესის წინააღმდეგ პერსონალური მეურვეობა არ იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მას განსკაუთრებული ყურადღება მიექცეოდა.

შეხვედრის პირველი რეალური საგოლე მომენტი ისლანდიელებმა შექმნეს, როცა გამჭოლი პასის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე ბიარნასონი დარჩა, რომელმაც ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა.

სამხრეთ ამერიკელები უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ძირითადად ბურთის კონტროლსა და ხანგრძლივ პოზიციურ შეტევებში გამოიხატებოდა. 

მე-19 წუთზე, როხოს შორეული დარტყმა, აგუერომ საჯარიმოში მიიღო, მცველებს დაუძვრა და მაღალ კუთხეში აუღებლად დაარტყა. 

 

მიმდინარე ტურნირზე, "ალბისელესტეს" მხრიდან პირველი გოლი, "სიტის" ლიდერმა მიითვალა, რომლის კონკურენტი, გონსალო იგუაინი, სათადარიგოთა სკამზე იყო. სამპაოლიმ გუნდი 4-2-3-1 სქემით ათამაშა.

კუნძულელებმა მეტოქეს მალევე უპასუხეს. 23-ე წუთზე, ფლანგიდან გაკეთებულმა დაბალმა პასმა, არგენტინელთა მეკარე და დაცვა დააბნია, რითაც ალფრედ ფინბოგასონმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.

 

ქვეყნისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების დებიუტანტია და მისი მოსახლეობა მხოლოდ 300 ათასი კაცია, ფინბოგასონმა ისტორიული გოლი შეაგდო. 

უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდიელთა მოსახლეობის 10%, ანუ 30 ათასი კაცი, ამჟამად რუსეთში იმყოფება და ნაკრებს მხარს იქიდან უჭერს.

თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა. არგენტინა ბურთს ფლობდა, შეტევებს ამზადებდა, თუმცა გუნდს აფეთქებები აკლდა და ჩანდა, რომ მეტოქემ მის იერიშებს ალღო აუღო. მესის გარღვევები და კომბინაციური თამაში იმდენად სახიფათო არ იყო და გუნდები შესვენებაზე 1:1-ით გავიდნენ.

ცალკე სათქმელია, რომ "ალბისელესტეს" ტრიბუნიდან დიეგო მარადონა გულშემატკივრობდა, თუმცა იგი შედეგითა და თამაშით მოხიბლული ვერ დარჩებოდა.

ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ხავიერ მასკერანოს მაჩვენებელიც. ჩინური "ჰებეის" საყრდენმა, ნაკრების მაისურით 144-ე მატჩი ჩაატარა და ხავიერ ძანეტის რეკორდი გააუმჯობესა.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 64-ე წუთზე დადგა. ისლანდიელთა საჯარიმოში მაღალი ბურთი გაიგზავნა, მცველებმა კი მოწინააღმდეგე წააქციეს და პოლონელმა მსაჯმა, სიმონ მარცინიაკმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.

თერთმეტმეტრიანის შესრულება ლიონელ მესიმ ითავა, რომელმაც საკმაოდ ცუდად დაარტყა, მეკარემ კუთხე გამოიცნო და ბურთის მოგერიება მოახერხა.

 

დარჩენილი საკმაოდ დიდი დროის მიუხედავად, არგენტინამ მიზნის მიღწევა ვერ შეძლო და მუნდიალი დაუგეგმავი ქულების დაკარგვით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს, როცა "ალბისელესტემ" ფინალში ითამაშა, პირველი თამაში საერთოდ წააგო. ასე რომ, ეს შედეგი კატასტროფა ნამდვილად არაა, უბრალოდ, აუცილებელია, რომ ხორხე სამპაოლის ბიჭებმა თამაშის ხარისხი გამოასწორონ და მატჩიდან მატჩამდე მოუმატონ.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, ისლანდიელთა 34 წლის მეკარე, ჰანეს ჰალდორსონი დასახელდა, რომელმაც პენალტთან ერთად, 6 "სეივი" შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები