Aa
Aa

2 პენალტი და ვიდეო რეფერი - საფრანგეთმა ავსტრალია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიას 2:1 სძლია.

მატჩი საკმაოდ არასანახაობრივი, მაგრამ დაძაბული გამოდგა.

უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი დიდიე დეშამის გუნდმა აქტიურად დაიწყო და ანტუნან გრიზმანმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დარღვევა ვიდეო რეფერის დახმარების შემდეგ დაფიქსირდა.

გრიზმანმა ანგარიში გახსნა - 1:0.

ავსტრალიამ გათანაბრება მალევე შეძლო. სამუელ უმტიტიმ საჯარიმოში უცნაურად ითამაშა და ჩაწოდებული ბურთის ხელით გამოტანა სცადა. მსაჯმა რა თქმა უნდა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ავსტრალიელთა კაპიტანმა იედინიაკმა დარტყმა უნაკლოდ შეასრულა - 1:1.

საფრანგეთი გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა. დეშამმა დემბელე-გრიზმანის დუეტის ნაცვლად მოედანზე ფეკირი-ჟირუ შეუშვა.

გადამწყვეტი სიტყვა მაინც პოლ პოგბამ თქვა. „იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მბაპესთან და ჟირუსთან ერთი შეხებით ულამაზესი კომბინაცია გაითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარეს თავზე გადაუგდო.

მცირე რიკოშეტის მიუხედავად გოლი მაინც შედევრალური იყო.

ამრიგად, დეშამის გუნდმა პირველი 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, თუმცა ასეთი დონის თამაშით საფრანგეთი შორს ნამდვილად ვერ წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები