Aa
Aa

„რეალი“ სერიაში დაბრუნდა - „ბასკონია“ სტუმრად უშანსოდ დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „მადრიდის რეალმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობის შანსები შეინარჩუნა.

მატჩი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა და პირველი ტაიმი ფრედ 52-52 დასრულდა. „სამეფო კლუბმა’ უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 18 ქულიანი სხვაობით, 31-13 მოიგო. „ბასკონიას“ თამაშში დაბრუნების მცდელობა მეოთხე მეოთხედში ჰქონდა, თუმცა „რეალს“ მატჩის სასურველ შედეგამდე მიყვანა არ გასჭირვებია. საბოლოოდ მადრიდულმა გრანდმა 7 ქულიანი სხვაობით 98-91 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიას თამაში არ წაუვიდა და მწვრთნელმა იგი პარკეტზე დიდი ხანი არ დატოვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 15:27 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 გადაცემა შესძინა. თოკომ 1 სამიანი გამოიყენა, 3 ორიანი ააცილა და კალათში 2-დან 2 საჯარიმო მოათავსა.

მადრიდულმა გუნდმა გამარჯვება გუნდური თამაშის ხარჯზე მოიპოვა, კეროლი-ტომპკინსის დუეტმა გუნდს 16-16 ქულა შესძინა. გუსტავო აიონმა თავი 14 ქულას მოუყარა, ლუკა დონჩიჩმა და ფელიპე რეიესმა კი აქტივში 11-11 ქულა ჩაიწერეს.

„ბასკონიას“ მხრიდან საუკეთესო მეტ იანინგი იყო, რომელმაც მატჩი 18 ქულით დაასრულა. დიოპმა გუნდს 16 ქულა შესძინა, ვინსენ პუარემ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ სერიაში ანგარიში 1-1-ია და შემდეგი შეხვედრა ვიტორიაში 17 ივნისს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები