2 წლიანი პატიმრობა და 18.8 მლნ ევრო - რონალდუმ ბრალი აღიარა
Aa
Aa

2 წლიანი პატიმრობა და 18.8 მლნ ევრო - რონალდუმ ბრალი აღიარა

„მადრიდის რეალის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ სასამართლოს გადაწყვეტილებას დათანხმდა. რონალდუ მზადაა გადასახადების გადაუხდელობის გამო დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს და 2 წლიანი პატიმრობა მოიხადოს, რომელსაც პირობითი მსჯავრის სახე ექნება. გასული წლის ივნისის თვეში რონალდუს ბრალად სახელმწიფოსგან 14.8 მლნ ევროს დამალვა დასდეს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ბრალს არ აღიარებდა და ეს, შარშან  გამართულ სასამართლო პროცესზეც თქვა.

ესპანური გამოცემა EL MUNDO-ს ცნობით, რონალდუმ დანაშაული აღიარა და სასამართლო გადაწყვეტილებას დაემორჩილა. პატიმრობასთან ერთად, რონალდუ 18.8 მლნ ევროს გადაიხდის. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ვინაიდან რონალდუ აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა ის 2 წლიან პატიმრობას ციხეში არ მოიხდის და ფეხბურთის თამაშს ისევ შეძლებს.

ბრალდების მხარე ფეხბურთელისგან დამალულ თანხასთან ერთად, ჯარიმის სახით იმავე რაოდენობის თანხის გადახდას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ჯარიმის სახით ის 5.7 მლნ ევროთი მეტს გადაიხდის. შეთანხმება ჯერ-ჯერობით ხელმოწერილი არ არის, თუმცა მხოლოდ ფორმალური მხარის მოგვარებაა დარჩენილი.

რონალდუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები