Aa
Aa

"სანტიაგო ბერნებეუზე" ლოპეტეგი წარადგინეს

„მადრიდის რეალს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს! მუნდიალზე „ფურია როხას“ გაწვრთნის ნაცვლად, ხულენი მადრიდში ჩავიდა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ლოპეტეგი ჟურნალისტების წინაშე ემოციური განწყობით წარსდგა და რუბიალესის გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეების ახსნა სცადა. შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგის გაწვრთნილმა ესპანეთმა 20 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა.

„შესაძლოა გუშინ, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრების ყველაზე რთული დღე მქონდა. დღეს კი უბედნიერესი ვარ“.

„ჩვენ გულშემატკივრებისთვის არაფერი დაგვიმალავს და როდესაც კონკრეტულ შედეგამდე მივედით ქომაგებს ყველაფერი ვამცნეთ. აქ გასაკვირი არაფერია, რადგან წარსულშიც ზუსტად ასე ვიქცეოდით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაკრებში სადღესასწაული ატმოსფერო სუფევდა და „რეალში“ დანიშვნას მილოცავდნენ. შემდეგ რა მოხდა წარმოდგენა არ მაქვს“.

„ისღა დაგვრჩენია ესპანეთის ნაკრებსა და ფეხბურთელებს ვუგულშემატკივროთ. იმედი მაქვს „ფურია როხა“ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზებს. რაც შემეხება მე, ახალი გამოწვევის გადასალახად სრულ მზადყოფნაში ვარ და მუშაობას ხვალიდან შევუდგები“.

„კრიშტიანუს მსგავსი მოთამაშის გუნდში ყოლა სულ მინდოდა. ეჭვგარაშეა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის რეალში თამაშობს და მისი სახელი კრიშტიანუ რონალდუა“.

„ბოლო დღეებიდან კარგად მხოლოდ ფეხბურთელებისგან მიღებული პატივისცემა და დაფასება მახსენდება. ვფიქრობ მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი დავიმსახურეთ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოცნება წაგვართვა და მუნდიალზე ნაკრების გაწვრთნის საშუალება არ მოგვცა, მიუხედავად ამისა თითოეული ჩვენგანი თავს დაფასებულად გრძნობს და მოთამაშეებისგან მიღებული პატივისცემითა და სითბოთი ძალიან ბედნიერია“.

„ვფიქრობ პატიოსანი და ღირსეული ადამიანებივით მოვიქეცით. ერთადერთი რისი შეცვლაც მსურს ფედერაციის რეაქციაა. რუბიალესის გადაწყვეტილებებს აუცილებლად შევცვლიდი, მაგრამ სამწუხაროდ უძლური ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები