Aa
Aa

ზუროსი: "ხალხს შეიძლება არ ესმის, რომ ფედერაციამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდს პირველ საკვალიფიკაციო ტურნირში 2 საშინაო მატჩი აქვს დარჩენილი – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ამ მატჩებისთვის ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 22 კალათბურთელია. 11 ივნისს, დინამოს ბაზაზე ბერძენმა სპეციალისტმა პირველი ვარჯიში გამართა, რომელსაც 18 კალათბურთელი დაესწრო. ლეგიონერთა ბირთვი – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და გოგა ბითაძე ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 2 საკონტროლი მატჩს გამართავს. 22 და 23 ივნისს ზუროსის გუნდი პრაღაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელთაგან ერთი შეხვედრა დახურული ხასიათის იქნება.

საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი სიახლეებია. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ნატურალიზებული მოთამაშის ადგილს ამერიკელი თად მაკფადენი დაიკავებს. მაიკლ დიქსონს ჩვენს ნაკრებში თამაშის 2-წლიანი ვალდებულება გასული წლის სექტემბერში ამოეწურა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ძალისხმევით, მაიკლმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრებში მაინც ითამაშა და ახლა საქართველოს ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.

ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების სიახლეებსა და გეგმებზე ისაუბრა.

მივესალმები ყველას, მადლობა მობრძანებისთვის. გუშინდელიდან ჩვენ დავიწყეთ ამ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადება. ჩვენ გვყავს ახალი მოთამაშეები, მათ შორის ახალგაზრდებიც და ეს ძალიან კარგია. ფედერაციას აქვს შორს მიმავალი, მომავალზე გათვლილი გეგმა, რაც ამ ახალგაზრდებთან ერთად ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებას, შექმნას უკავშირდება.

წინ ურთულესი მატჩები გველის. ვიცით ვისაც ვეთამაშებით, განსაკუთრებით სერბეთს გამოვარჩევ, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია მსოფლიოში. ავსტრიაც ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე იყო. მათ ეყოლებათ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც წინა ფანჯრის დროს არ უთამაშიათ.

მომავალ მატჩებში დაგვეხმარებიან ნაკრების ლიდერები, თუმცა გარკვეული სიძნელეებიც არსებობს. ძალიან რთულია, რომ ევროლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატში გადატანილი დიდი ბრძოლების შემდეგ პირდაპირ, შეუსვენებლად ჩამოხვიდე და ნაკრებში ითამაშო. ეს შეიძლება ითქვას შერმადინზეც და შენგელიაზეც. დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე ტრავმების შემდეგ მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ფორმაში შევიდნენ. საქმე ამ მხრივ კარგად მიდის. მანუჩარ მარკოიშვილი მოგვიანებით შემოგვიერთდება, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა და ის ყველაფერს აკეთებს, რომ მომავალ, ოფიციალურ მატჩებში დაგვეხმაროს. ის ნაკრებს ავსტრიაში შემოუერთდება. ძალიან კარგია, რომ გამოცდილებთან ერთად, გვყავს ახალგაზრდა კალათბურთელები. ისინი ნაკრებში უკვე ვარჯიშობენ და ეგუებიან ჩვენი გუნდის ატმოსფეროს, ფილოსოფიას.

რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, მას მხოლოდ მადლობას მოვახესენ. მან ზუსტად იმ ხარისხით ითამაშა, როგორც მისგან ველოდით. მაგრამ ყველაფერ კარგს საბოლოოდ აქვს დასასრული და ახლა უნდა ვიზრუნოთ მომავალზე.

ხალხს შეიძლება არ ესმის, რომ ფედერაციამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, დიდი სამუშაო გასწია, რომ მას ამდენ ხანს ეთამაშა ჩვენს ნაკრებში. ასეთი რამ იოლად არ ხდება. ნაკრების ხელმძღვანელებმა ბევრი იმუშავეს, რათა დაერწმუნებინათ დიქსონი, რომ მას იმაზე მეტ ეთამაშა ჩვენთან, რაც წინასწარ იყო გათვალისწინებული.

შედარებებს ვერ გავაკეთებთ დიქსონსა და მაკფადენს შორის. მაკფადენი უკანახაზელი და უბრალოდ, კარგი მოთამაშეა. იგივე პოზიცია აქვს, რაც დიქსონს. მას 1 ან 2 ნომრად გამოვიყენებთ, გააჩნია, რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება კონკრეტულ შეხვედრაში.

კიდევ ერთი საკითხი: ამერიკელი მოთამაშეები, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ, არ არიან დაინტერესებული ევროპული პასპორტით. მხოლოდ ის მოთამაშეები თანხმდებიან ამ შემოთავაზებას, რომლებიც შედარებით დაბალ ლიგაში თამაშობენ. ასეთად შეიძლება ესპანეთის მესამე ლიგა დავასახელოთ. თვეების მანძილზე ძალიან დიდი ძიება დაგვჭირდა როგორც მწვრთნელებს, ისე ფედერაციის ხელმძღვანელებს, რათა რიგიანი კალათბურთელი გვეპოვნა და დაგვეყოლიებინა საქართველოს ნაკრებში თამაშზე.

კალათბურთი გუნდური სპორტია და ახალი მოთამაშე უპირველესად გუნდთან უნდა შეთამაშდეს. ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ, თქვენი ჩათვლით – საქართველოს ეროვნული ნაკრები ვართ. ლაპარაკი ძალიან ადვილია, გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ ვიმუშავებთ. თუ მხოლოდ შეცდომებს დავინახავთ და ნეგატივის ძებნას დავიწყებთ, არასწორ გზაზე წავალთ. საჭიროა, ერთად გავდგეთ – კალათბურთელები, ქომაგები, ჟურნალისტები და საქართველოს საკეთილდღეოდ ჩვენი წილი შევიტანოთ საერთო საქმეში.

ჩეხეთთან თამაშები მხოლოდ მოსამზადებელია. ახალი მოთამაშეები უნდა გამოვცადოთ, შანსი მივცეთ მათ. შერმადინი, მარკოიშვილი და შენგელია ამ თამაშებზე არ იქნებიან, შესაბამისად, აქ მხოლოდ ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად ვითამაშებთ. კარგია, რომ ძლიერი ოპონენტი გვყავს. ეყოლება თუ არა ჩეხეთს იან ვესელი და ტომაშ სატორანსკი, ის მაინც ძლიერი გუნდია და მასთან სპარინგი მხოლოდ დადებითად წაგვადგება".

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით.

ცხელი ამბები