Aa
Aa

ისტორია დაწერილია! "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს!

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 შეხვედრა გამართეს და იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩის პირველი ტაიმი იაპონელთა გამარჯვებით 17:12 დასრულდა.

მეტოქემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ლელოს დადებაც მალევე მოახერხა. იაპონელები ჩველ სტილში ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ.

ქართველების პასუხმა არ დააყოვნა. 15 ფაზიანი შეტევის შემდეგ დავით ჯაფარიძემ იაპონელთა ხაზი გაჭრა და ნაკრებს პირველი ლელო მოუტანა.

გარდასახვა ზუსტად აფრასიძემ გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა - 7:7.

21-ე წუთზე იაპონია საჯარიმოთი კვლავ წინ გავიდა.

29-ე წუთზე მოედნიდან გოგიჩაშვილი გააძევეს და 10 წუთით კაცნაკლულნი დავრჩით.

იაპონიამ ლელო მალევე გაიტანა და უპირატესობა გაიმყარა - 17:7.

38-ე წუთზე ჩვენმა 7 კაციანმა შერკიენებამ 8 იაპონელს აჯობა და შეტევაც დაიძრა. ჯალაღონიამ ბურთი ამოაგდო და გელა აფრასიძემ სწრაფი იერიში წამოიწყო, დააქნია და დემე თაფლაძეს გადააწოდა, რომელმაც ცრუმოძრაობის შემდეგ ულამაზესი ლელო დადო.

მეორე ტაიმი აქტიურად დავიწყეთ, თუმცა უპატიებელი შეცდომის შემდეგ იაპონიამ ლელოთი დაგვსაჯა და 10 ქულით წინ გაიჭრა.

59-ე წუთზე სანდრო მამათავრიშვილის გაძევების შემდეგ 10 წუთით კვლავ უმცირესობაში დავრჩით.

საქართველოს ნაკრებმა საოცარი გამძლეობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ურთულესი შეხვედრა შემოაბრუნეს.

მამამთავრიშვილის მოედანზე დაბრუნებისთანავე მორიგი ულამაზესი ლელო დავდეთ. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დემე თაფლაძემ ბრწყინვალედ ითამაშა და იაპონელთა ჩათვლის მოედანი აიღო. აფრასიძემ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 17:22 გახდა.

მსაჯმა ამჯერად მაღალი ბოჭვისთვის იაპონელთა მორაგბე გააძევა და უპირატესობა ჩვენს ხელში გადმოვიდა.

ბოლო წუთებზე თედო აბჟანდაძემ მორიგი საოცარი გარღვევა განახორციელა, რომელიც გელა აფრასიძემ ცრუმოძრაობითა და ლელოთი დააგვირგვინა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ისტორია დაწერეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგეს! ელიტაში დარჩენა გარანტირებული გვაქვს!

ახალგაზრდა ქართველებმა უბრალოდ უმაღლესი დონისა და ულამაზესი რაგბი ითამაშეს, რისთვისაც მათ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მომდევნო მეტოქე შოტლანდია იქნება.

გამოყენებულია Georgian Rugby-ის ფოტომასალა

ცხელი ამბები