ფედერერი კორტს 3 თვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება
Aa
Aa

ფედერერი კორტს 3 თვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი აქტიურ ჩოგბურთს უბრუნდება და ხვალიდან შტუტგარტში მიმდინარე Mercedes Cup-ში ჩაერთვება.

ფედერერის მთავარი მოტივაცია ისაა, რომ თუკი იგი ტიტულის მოგებას შეძლებს, მომავალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდება. "მაესტრომ" შტუტგარტში გასულ წელსაც ითამაშა და პირველსავე რაუნდში ტომი ჰაასთან დამარცხდა.

"ძლიერი და მოტივირებული ვბრუნდები, რადგან ეს აუცილებელია - წინა წელს აქ ტომისთან დავმარცხდი, შემდეგ კი ბალახის დარჩენილ ტურნირებზე სეტი არ წამიგია. ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებს და ვცდილობ, სწორედ ის რიტმი და ფორმა მოვძებნო, რომლითაც გასულ წელს ვთამაშობდი.

დასვენებული და ჯანმრთელი ვარ, აქ ჩამოსვლა ამიტომაც გადავწყვიტე. მიხარია, რომ შტუტგარტის ტურნირზე ვითამაშებ და თავდაჯერებული ვარ, რომ წარმატების მიღწევა შემიძლია". - ამბობს 36 წლის ფედერერი.

როჯერ ფედერერმა Mercedes Cup-ზე პირველად 2016 წელს ითამაშა და ეს ტურნირი არასდროს მოუგია.

იგი, ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში, რაფა ნადალს მხოლოდ 100 ქულით ჩამორჩება. 2012 წლის შემდეგ, ფედერერმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდება 19 თებერვალს დაიბრუნა, თუმცა მარტში, ტანასი კოკინაკისთან წაგების გამო, კვლავ მისი დათმობა მოუწია.

"მხიარულ როჯერს" სწორედ მარტის შემდეგ არ უთამაშია. კონკრეტულად, იგი ბოლოს კორტზე 24 მარტს გამოვიდა.

შვეიცარიელი, ხვალ, გერმანელ მიშა ზვერევს შეხვდება, რომელსაც წინა წლის "უიმბლდონზე" 3 სეტში მოუგო. 

ასევე დაგაინტერესებთ - 24 წლიანი პარტნიორობა სრულდება! - ფედერერი და NIKE კონტრაქტს აღარ აგრძელებენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები