Aa
Aa

"ლებრონი რომ ვიყო, ჩემპიონობის მისაღწევად გზას აუცილებლად გამოვნახავდი"

გასულ კვირას  ლებრონ ჯეიმსი „გოლდენ სტეიტთან“ საკუთარი საკალათბურთო მემკვიდრეობისთვის იბრძოდა, კობი ბრაიანტმა კი მის მცდელობებში მხოლოდ გადაღლილობა და იმედგაცრუება დაინახა. "Bleacher Report"-თან საუბრისას "შავმა მამბამ" განაცხადა, რომ საკალათბურთო მემკვიდრეობის დასატოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ბეჭდების რაოდენობაა. 

“Bleacher Report”:ლებრონს სამი ბეჭედი აქვს. თანამედროვე კალათბურთში იგი უფრო მეტჯერაა ფინალში ნამყოფი ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშე, მიუხედავად ამისა მას 6 წაგება დაუგროვდა, როგორ ფიქრობთ, ეს მის საკალათბურთო მემკვიდრეობაზე გავლენას იქონიებს?

„ ბავშვობაში მხოლოდ ჩემპიონობაზე და გამარჯვებებზე ვოცნებობდი. სხვა არაფერი მაინტერესებდა. ასე ვაფასებდი მაიკლს, ბერდს, მეჯიქს... ისინი ჩემპიონები იყვნენ და ეს ყველაფერზე მაღლა იდგა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ზოგიერთები ჩემპიონობაზე წინ სხვა რაღაცებს აყენებენ, მაგრამ არაუშავს, მე უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან ვსაუბრობ“

„ლებრონი რომ ვიყო ჩემპიონობის მისაღწევად გზას აუცილებლად გამოვნახავდი. თუ საუკეთესო კალათბურთელობა გინდა სხვა ვარიანტი არაა! ვალდებული ხარ მისკენ მისასვლელი გზა იპოვო“.

რთულია საკალათბურთო სამყაროში ისეთი მოთამაშე აღმოაჩინო, რომელიც ჩემპიონობაზე მეტად ფინალში გასვლაზე, სტატისტიკურ მაჩვენებლებზე და არასათანადო შემადგენლობაზე ოცნებობს. ასევე რთულია მემკვიდრეობა მხოლოდ ბეჭდებით შეაფასო, მაგრამ ფაქტია, რომ "შავი მამბას" აზრს მაიკლ ჯორდანიც იზიარებს. შარშან, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ ასეთი რამ თქვა: "დავაყენებ თუ არა ლებრონს კობიზე წინ? არა! 5 3-ზე მეტია, კობის 5 ბეჭედი აქვს, ლებრონმა კი მხოლოდ სამჯერ მოიგო".

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ კობიმ განაცხადა, რომ ლებრონს უვარგისი თანაგუნდელები სულაც არ ჰყავდა და მარცხი მხოლოდ გუნდის ბრალი არ იყო. ამერიკელი ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ეს განცხადება ლებრონის ფინალების მაჩვენებელზე, 3 მოგება 6 მარცხი, ხაზის გასმა იყო, "Bleacher Report"-თან გაკეთებულმა კომენტარმა კი აღნიშნული ჰიპოთეზა დაამტკიცა.

"როდესაც გამარჯვებისთვის პარკეტზე ყველაფერს ვაკეთებდი, ფილ ჯექსონი მეუბნებოდა - კობი, გაცილებით ნაკლები უნდა გააკეთო! მე კი ვპასუხობდი - მაშინ ჩემმა თანაგუნდელებმა უკეთ უნდა ითამაშონ! ამაზე კი ფილმა ასეთი რამ მითხრა - კობი, ისინი თამაშში შენ უნდა ჩართო, საჭირო ბიძგი შენ უნდა მისცე, რადგან ეს შენი, როგორც ლიდერის პასუხისმგებლობაა“.

რამდენადაა ლებრონის ბრალი ის, რომ ჯეფ გრინი და როდნი ჰუდი ვერაფერს აგდებენ, ცალკე საკითხია. სამწუხაროდ საკალათბურთო მემკვიდრეობას მხოლოდ რიცხვები და სტატისტიკა რჩება, 50 წლის შემდეგ როდნი ჰუდის, ჯეფ გრინის და კაილ კორვერის საშინელი თამაში არავის ემახსოვრება. ზუსტად ისე, როგორც ჯერი ვესტზე საუბრისას ყველას ერთი რამ „1-8“ ახსენდება.

Bleacher Report”: „ლებრონის თანაგუნდელები როგორ უნდა შევაფასოთ? იმსახურებს „მეფე“ ჯორდან კლარკსონის და ჯეი არ სმიტის ფინალში გაყვანის გამო ქებას, თუ პირიქით, იგი მათთან ერთად წაგების გამო გავაკრიტიკოთ?

“2008 წლის ფინალების შემდეგ მაიკლმა ერთი კარგი რჩევა მომცა. „კობი, შენ ჩემპიონობისთვის ყველა საჭირო რესურსი გაქვს, ერთადერთი რაც დაგრჩენია, იმ გზის გამონახვაა, რომლითაც თანაგუნდელებს ახალ, საჩემპიონო დონეზე აიყვან“ 2010 წლის ფინალის წინ მაიკლს ვუთხარი:“მისმინე, „ბოსტონს“ რეი ალენი, პოლ პირსი, კევინ გარნეტი და რაშიდ უოლასი ჰყავს! „სელტიკსი“ ვარსკლავებით დახუნძლული სუპერგუნდია! მაიკლმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მისმინა და შემდეგ მიპასუხა: „ვერაფერს შეცვლი! ერთადერთი, რაც დაგრჩენია გზის გამონახვა და ჩემპიონობის მოპოვებაა! სხვა ალტერნატივა უბრალოდ არაა!. ლებრონიც იგივე გამოწვევის წინაშეა, ჩემპიონობისთვის საჭირო რესურსი მასაც აქვს, უბრალოდ თანაგუნდელებთან მუშაობის და მათი თამაშში ჩართვის გზის პოვნაა აუცილებელი. მიზეზებს და თავის გამართლებას, ახლა არანაირი აზრი არ აქვს“.

"ყველაფერი ემოციურ გადმოსახედთანაა დაკავშირებული. ლიდერობა მხოლოდ თანაგუნდელებისთვის პასების მიცემა არაა, მათი მოტივირება უნდა შეგეძლოს და შენს სიტყვას პატივს უნდა სცემდნენ. კალათბურთელებში მაქსიმალური პოტენციალის გამოსავლენად ყველაფერი უნდა გააკეთო და ეს ადვილი ნამდვილად არაა! ზოგჯერ ხალხის თვალში ცუდად გამოჩნდები, ზოგჯერ ბევრი გამოწვევის გადალახვა მოგიწევს, ზოგჯერ შეიძლება საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდეს, თუმცა სხვანაირად არაფერი გამოვა, სხვანაირად ისინი შენში ლიდერს ვერ დაინახავენ და პარკეტზე არასდროს გამოგყვებიან".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები