ქართველებისთვის ჰერტოგენბოსხის ტურნირი პირველსავე დღეს დასრულდა
Aa
Aa

ქართველებისთვის ჰერტოგენბოსხის ტურნირი პირველსავე დღეს დასრულდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰერტოგენბოსხის 250-იანთა კატეგორიის ტურნირს პირველსავე რაუნდში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 53-ე ჩოგან იუიჩი სუგიტასთან, 2 სეტში 3:6; 2:6 წააგო. 

შეხვედრა საათსა და 1 წუთს გაგრძელდა და იაპონელის უპირატესობა აშკარა გახლდათ. ბასილაშვილს პირველ სეტში ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, სუგიტამ კი მისი მოწოდების აღება შეძლო და პარტია საკმაოდ იოლად დახურა.

კიდევ უფრო მარტივი გამოდგა მეორე სეტი, როცა ქართველმა პირველივე გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე დათმო, შემდეგ კი მეტოქის მოწოდებაზე 0:40 ვერ გამოიყენა. როგორც გაირკვა, თამაშის ბედი სწორედ აქ გადაწყდა, რადგან სუგიტას მოწოდებაზე დარჩენილ გეიმებში ნიკოლოზმა მხოლოდ 1 ქულა აიღო. 

საერთო ჯამში, ბასილაშვილმა 1 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 66%, ხოლო მეორეზე 38% მოიგო. მან მეტოქის მოწოდებაზე 3 ბრეიკ-პოინტი მიიღო, თუმცა ბრეიკი ვერ შეასრულა, სუგიტამ კი 7-დან 3 შანსი გამოიყენა.

იაპონელმა მოთამაშემ ქართველს მე-3 ურთიერთშეხვედრა მოუგო და 3:0-ზე ამარცხებს. მათ შორის, 2 თამაში ბალახის საფარზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 87-ე ადგილზეა. 

ჰერტოგენბოსხის ქალთა ტურნირის წყვილთა თანრიგში იასპარეზა ოქსანა კალაშნიკოვამ. იგი გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად, კიკი ბერტენსისა და კირსტენ ფლიპკენსის მე-2 ნომრად განთესილ დუეტს შეხვდა და 3 სეტში, 6:4; 1:6; 6:10 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები