Aa
Aa

"ადვილია იყო საუკეთესო კალათბურთელი მაშინ, როდესაც დაბალი დონის თანაგუნდელები გყავს"

კევინ დურანტის „ოკლაჰომადან“ „გოლდენ სტეიტში“ გადასვლას ერთი მიზანი ჰქონდა - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობის მოპოვება. დურანტი ახლა ორგზის ჩემპიონია. რამდენიმე დღის წინ „უორიორსმა“ ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდი“ 4-0 გაანადგურა.

„მეომრების“ წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ დურანტი გახლდათ. კევინმა გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან, მესამე შეხვედრაში, ულიდერა და მატჩი 43 ქულით, 13 მოხსნით და 7 გადაცემით დაასრულა. ფინალური სერიის მანძილზე დურანტი საშუალოდ 28.8 ქულას, 10.8 მოხსნას, 7.5 გადაცემას და 2 დაფარებას ასრულებდა, კევინი პარკეტიდან 52.6 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 40 პროცენტით უტევდა. „კეიდიმ“ მეოთხე შეხვედრაში სამმაგი დუბლი მიითვალა და ფინალების MVP-ის სტატუსი დაისაკუთრა.

გამარჯვების შემდეგ დურანტმა ჟურნალისტებთან „გოლდენ სტეიტის“ წარმატებაზე და ზედიზედ მეორე ჩემპიონობაზე ისაუბრა, თუმცა ყველაზე საინტერესო კომენტარი “Yahoo Sports”-ის წარმომადგენელთან, მაიკლ ლისთან გააკეთა.

„ვფიქრობ ადვილია იყო საუკეთესო კალათბურთელი მაშინ, როდესაც დაბალი დონის თანაგუნდელები გყავს. მიმაჩნია, რომ, როდესაც გუნდში ბრწყინვალე მოთამაშეებთან ერთად ასპარეზობ თავის გამოჩენა და საუკეთესოს სტატუსის დამტკიცება გაცილებით რთულია“.

"ვამაყობ იმით, რომ ყველგან, სადაც ვთამაშობდი გამორჩეული ვიყავი. ვამაყობ, იმით რომ ყველგან, სადაც მივდივარ ბევრს ვშრომობ. ვფიქრობ „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელები დიდ პატივს მცემენ და თავს ნამდვილი „მეომარივით“(უორიორივით) ვგრძნობ“.

დურანტის განცხადება ლებრონის დაკნინებაა თუ საკუთარი თავის ქება არავინ იცის. ფლეი-ოფების განმავლობაში სტეფი და კევინი „გოლდენ სტეიტის“ წამყვანი კალათბურთელები იყვნენ, მაგრამ კლეი ტომპსონისა და დრეიმონდ გრინის როლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.

კევინის ლოგიკა რაღაც დოზით სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ლებრონმა კარიერის საოცარი სეზონი ჩაატარა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში გავიდა და წელს ნამდვილად საუკეთესო კალათბურთელი იყო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები